მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინისთვის ჩინეთთან ერთად, პრიორიტეტული ბაზარი შესაძლოა, ინდოეთიც იყოს - Schuchmann Wines

ნუცა აბრამიშვილი

ქართული ღვინისთვის ჩინეთთან ერთად, პრიორიტეტული ბაზარი, შესაძლოა, ინდოეთიც იყოს, - ამის შესახებ Schuchmann Wines-ის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.

ნუცა აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია რთული, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესია.

„Schuchmann Wines -ის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ დივერსიფიკაცია შესაძლებელია. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რთული, მაგრამ აუცილებელი, რადგან ერთ ბაზარზე დამოკიდებულება სახიფათოა, არა მხოლოდ რუსეთის მიმართულებით, არამედ ზოგადად. ჩინეთი არის ამ პროცესში ცალსახად ალტერნატივა, შემდეგ სხვა ბაზრებიც. მაგალითად, შესაძლოა, ჩინეთის ბაზრის პარალელურად განვიხილოთ ინდოეთის ბაზარიც, რომელიც ასევე დიდი და მსყიდველუნარიანია", - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

მისი თქმით, ინდოეთთან უკვე არსებობს ტურიზმის კუთხით ურთიერთობები და მნიშვნელოვანია სავაჭრო კუთხითაც კავშირის გაღრმავება. თუმცა აქაც საჭიროა სახელმწიფოს დახმარება, რაც მოიცავს ოფიციალურ დონეზე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადებას.

„ჩვენი კომპანიის მაგალითზე აზია პრიორიტეტულ ბაზრად რჩება. რუსეთის წილი მინიმუმამდე შემცირებული გვაქვს, რაც გრძელდება ყოველწლიურად“, - აცხადებს Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთი თავადაც არის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. ბაზარი მცირე, მაგრამ მზარდია. საქართველოდან ღვინის ექსპორტი კი ინდოეთში მცირე, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოა. 2022 წელს ინდოეთში 7 600 დოლარის ღვინო გავიდა. 2011-22 წლებში, ყველზე დიდი მოცულობით ღვინო 2013 წელს გავიდა, რამაც 13 070 დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები