მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ღვინო იაპონიაში წარადგინეს - როგორია ამ ქვეყანაში ღვინის ექსპორტის ტენდენციები?

იაპონია ღვინო

ქართული ღვინო იაპონიაში კიდევ ერთხელ წარადგინეს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, მათი მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა ამჯერად ქალაქ ფუკუოკაში გაიმართა.

სააგენტოს ცნობით, საქართველოს მეღვინეობის კულტურის, ისტორიის, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია Red Bridge-ის დირექტორმა, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარადგინა. მან სტუმრებს 8 ქართული ღვინო გააცნო საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან. ღონისძიებას ღვინის სომელიეები, იმპორტიორები, ბაიერები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, ჯამში 100-მდე სტუმარი დაესწრო.

ცნობისთვის, კომპანია Red Bridge-თან ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა. თუ რა მოცულობის კონტრაქტი აქვს საქართველოს მთავრობას Red Bridge-თან გაფორმებული, ამის შესახებ bm.ge-მ ინფორმაცია უწყებიდან უკვე გამოითხოვა.

საინტერესოა იაპონიაში ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტის სტატისტიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომელიც არასტაბილურად მზარდია. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, იაპონიაში საქართველოდან 109 ტონა ღვინო გავიდა, საიდანაც ქვეყანამ 655 300 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს აჭარბებს, ვინაიდან 2024 წლის პირველ შვიდ თვეში იაპონიაში 621 500 აშშ დოლარის თითქმის 99 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება წინა წლების ჯამურ მონაცემებს, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, დინამიკა შემდეგნაირია:

  • 2020 წელი - 1,07 მლნ აშშ დოლარი - 152 ტონა
  • 2021 წელი - 944 600 აშშ დოლარი - 137.5 ტონა
  • 2022 წელი - 1,37 მლნ აშშ დოლარი - 231 ტონა
  • 2023 წელი - 1,38 მლნ აშშ დოლარი - 193 ტონა
  • 2024 წელი - 832 400 აშშ დოლარი - 136 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები