ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ღვინის მწერალთა კლუბის დამფუძნებლის, ჩან ჯუნ პარკის ხელმძღვანელობით ეწვია.
როგორც სააგენტო იტყობინება, რვაკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში სომელიეები, იმპორტიორები და ინფლუენსერები შედიოდნენ, რომელთა მხრიდან მაღალია ინტერესი მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის კუთხით.
ტურის ფარგლებში, კორეელი ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის კომპანიებსა და მარნებს კახეთში ესტუმრნენ; ადგილზე გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ტრადიციებს; თბილისში გაიმართა რამდენიმე მწარმოებლის ღვინის დეგუსტაცია.
„ქართული ღვინოები უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორეის ბაზარზე. კორეელი მომხმარებლები კარგად იცნობენ მსოფლიოს ღვინოებს. ისინი აფასებენ ორიგინალურ, ავთენტურ გემოებს და უნიკალურ მახასიათებლებს. ამის გათვალისწინებით, ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს კორეაში. ქართული ღვინო ადრე თუ არც ისე ცნობადი იყო კორეის ბაზარზე, ახლა მისი იმპორტი სწრაფად იზრდება. მჯერა, რომ ქართულ ღვინოს ძალიან ძლიერი მომავალი აქვს კორეაში და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უფრო და უფრო მეტი მრავალფეროვნება“, - აღნიშნა ჩან ჯუნ პარკმა.
როგორც ღვინის სააგენტოში აცხადებენ, კორეის რესპუბლიკის ბაზარზე უკვე მეექვსე წელია აქტიურად ახორციელებენ სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობას. საქსტატის მონაცემებით კი, საქართველოდან კორეაში ღვინის ექსპორტი შემცირებულია, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 214 900 აშშ დოლარის 41 478 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, გასულ წელს კი, ეს მაჩვენებელი 327 800 აშშ დოლარი და 71 477 ლიტრი იყო.




























