ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალები იმყოფებოდნენ.
"გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის სომელიეები სტუმრობდნენ.
ღვინის პროფესიონალების ათკაციანი ჯგუფის წევრები თბილისსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში",- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანიაში ექსპორტის სტატისტიკა
გერმანიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია. ამ თვალსაზრისით 2024 წელი რეკორდული იყო. ექსპორტმა პირველად გადააჭარბა 1 მლნ ლიტრს და 5 მლნ დოლარს. კერძოდ, გასულ წელს საქართველომ გერმანიაში 1,285,287 ლიტრი, 5 873 660 დოლარის ღვინო გაყიდა.
რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, ექსპორტი ასეთია:
- 2020 წელი - $2.6 მლნ/529 187 ლიტრი;
- 2021 წელი - $3.1 მლნ/623 917 ლიტრი;
- 2022 წელი - $3.2 მლნ/809 660 ლიტრი;
- 2023 წელი - $4.6 მლნ/991 228 ლიტრი.
ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის იანვარ-აპრილში გერმანიაში ექსპორტზე 1.8 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც 10%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.




























