მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინის ექსპორტის 63.7% რუსეთზე მოდის - ქვეყნების ათეული

63ca73e34fbb6
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.23 13:42
862
საქართველოს 19 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში, რომელიც ქვეყანას გასულ წელს ჰქონდა, ექსპორტმა 5 მილიარდ 592 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელს საქონლის რეალიზებით მიღებულ შემოსავალს 31.8%-ით აღემატება.

ექსპორტირებულ საქონელს შორის კი სხვა წლების მსგავსად 2022 წელსაც ერთ-ერთი მთავარი საქონელი ყურძნის ნატურალური ღვინოები იყო. უმსხვილესი საქონლის ათეულში 4.5%-იანი წილით ღვინოს მეხუთე ადგილი ეკავა და რეალიზების ზრდა 2021 წელთან შედარებით 5.5% იყო. ღვინის რეალიზების 2022 წლის მაჩვენებელი რეკორდულია და 252 მილიონ 531 ათასი დოლარს შეადგენს. ჯამში გასულ წელს სხვადასხვა ბაზარზე 106 693 ტონა ღვინო გაიყიდა.

ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარად კვლავ რუსეთი რჩება, თუმცა 2022 წელს ამ ქვეყანაზე ექსპორტის დამოკიდებულების მაჩვენებელი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ რუსეთზე ღვინის ჯამური ექსპორტის 63.7% მოდის, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს ნიშნული 54.6% იყო.

უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის გასული წლის განმავლობაში ღვინის რეალიზებით პოლონეთი გააქტიურდა და მეორე ადგილი დაიკავა. ამავე რეიტინგში უკრაინამ მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

TOP-10 საექსპორტო ბაზრის რეიტინგი ასეთია:

1. რუსეთი - 160.8 მლნ დოლარი, 73 128 ტონა;
2. პოლონეთი - 14.5 მლნ დოლარი, 6 706 ტონა;
3. უკრაინა - 13.5 მლნ დოლარი, 6 446 ტონა;
4. ჩინეთი - 12.5 მლნ დოლარი, 3 988 ტონა;
5. ყაზახეთი - 10 მლნ დოლარი, 3 788 ტონა;
6. ბელარუსი - 7.5 მლნ დოლარი, 3 172 ტონა;
7. აშშ - 5.2 მლნ დოლარი, 1 039 ტონა;
8. ლატვია - 4.3 მლნ დოლარი, 1 597 ტონა;
9. გერმანია - 3.2 მლნ დოლარი, 851 ტონა;
10. ლიეტუვა - 2.1 მლნ დოლარი, 803 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა ღვინის ექსპორტი ესტონეთში, გაერთიანებულ სამეფოში, მონღოლეთში, იაპონიაში, საფრანგეთში, ისრაელში, ასევე მცირე მოცულობებით კანადაში, შვედეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანი, არაბთან გაერთიანებულ საამიროებში, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებშიც გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები