მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინო მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება - მინისტრის მოადგილე

62b7f9cc2398b
BM.GE
26.06.22 11:25
1368
ამბროლაურში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და შპს „ჯი ეს სერვის გრუპის” ორგანიზებით რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალზე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი იყო წარმოდგენილი, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი პროდუქცია წარედგინათ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის, ფესტივალზე მოწვეული ევროპელი იმპორტიორებისა და ქართველ ექსპორტიორებისთვის.

ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს 2013 წელს დაწყებულ მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პოლიტიკის; შედეგი სახეზეა: ათასობით ჰექტარი ახალგაშენებული ვენახები საქართველოს მასშტაბით, ღვინის მწარმოებელი ათობით ახალი კომპანია. დღეის მდგომარეობით, ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე 236 ღვინის კომპანია ოპერირებს. ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი შედეგია; ქართული ღვინო მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება”, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

ლევან მეხუზლას განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო მიესალმება და მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს, რომელიც კიდევ უფრო პოპულარულს ხდის ქართულ ღვინოს, ღვინის წარმოების ტრადიციებსა და კულტურას.

„რაჭა-ლეჩხუმი საქართველოს მეღვინეობის უმნიშვნელოვანესი რეგიონია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ადგილობრივი ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებით. ფესტივალი პირველად ტარდება და ეს ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს აძლევს ცნობადობის გაზრდის, საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ახალი პარტნიორების მოზიდვის შესაძლებლობას, რაც რეგიონში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებისა და განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“,- აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

რაჭა-ლეჩხუმის ფესტივალის ფარგლებში, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენინგები იმ მიმართულებებით, მათ შორის, გაყიდვების, ღვინის ტურიზმის, მარკეტინგის, რომლის საჭიროებაც რეგიონის მცირე მარნებს აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები