ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი დე ფაქტო ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო პროგრამა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მუშაობს. თემურ ნადარაიას თქმით, აფხაზები, განსაკუთრებით, უფასო ჯანდაცვით არიან დაინტერესებული, რუსული სამედიცინო დაზღვევები კი მათთვის მიმზიდველი არ არის.
"სახელმწიფო პროგრამა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საქართველომ 2019 წელს დაიწყო, სამ მიმართულებას: მედიცინას, განათლებასა და ვაჭრობას მოიცავს. ყველაზე გავრცელებული პროგრამა მედიცინაა. ამ პროგრამის ფარგლებში ასობით მოქალაქე საქართველოში მიდის. აფხაზეთი და რუსეთი ამას რუსული სამედიცინო დაზღვევის პოლისების გაცემით და ბიუჯეტიდან გადახდით პასუხობს, თუმცა ამ საკითხში ძალიან ვაგებთ საქართველოსთან", - განაცხადა თემურ ნადარაიამ.
როგორც ის აღნიშნავს, რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ "აფხაზები საქართველოში სამკურნალოდ ივლიდნენ", თუმცა გალის რაიონის მცხოვრებლები ამ მხრივ აფხაზებისთვის მაგალითი აღმოჩნდა.
"20 წლის წინ რთული წარმოსადგენი იყო, რომ სისხლიანი ომის შემდეგ, აფხაზები საქართველოში სამკურნალოდ წავიდოდნენ. მაშინ მხოლოდ გალის რაიონის მცხოვრებლები დადიოდნენ, ეს კი დანარჩენი მოქალაქეებისთვის მაგალითი გახდა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ჩვენი მოქალაქეები ქართული პოლიტიკის ორბიტაზე მოექცნენ. საბოლოო ჯამში, ისინი [საქართველო] ჩვენს სულსა და გონებას იყიდიან", - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ — საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.