2025 წელს “ქართული კალათა” საწარმოს გურიაში გახსნის, - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ვაკო ელისაბედაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის კომპანიის საწარმო თბილისში, კაიროს ქუჩაზე მდებარეობს. თუმცა მიმდინარე წლის ზაფხულში, ახალი უფრო დიდი საწარმო გურიაში, ლანჩხუთში უნდა გაიხსნას, რაც მათ წარმადობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
“წელს, ზაფხულში გურიაში, კერძოდ ლანჩხუთში ჩვენი ახალი საწარმო 3 მლნ ლარის ინვესტიციით გაიხსნება. ეს საინვესტიციო თანხა მიწის შესყიდვას და ობიექტის სრულად მოწყობასაც მოიცავს. საწარმოს ამუშავების შემდეგ კი ვვარაუდობთ, რომ ეტაპობრივად წარმოება უნდა გაოთხმაგდეს. არსებულ საწარმოში მხოლოდ HACCP -ის სტანდარტი გვაქვს დანერგილი, თუმცა არ გვაქვს ISO სტანდარტი. ახალი საწარმო ამ სერტიფიკატის მიღებას უზრუნველყოფს.
საწყის ეტაპზე, 15-მდე ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი”, - ამბობს ელისაბედაშვილი.
რაც შეეხება ბაზარზე მათი პროდუქტების რეალიზაციას, კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, სტაგნაციაშია. მისი თქმით, წლევანდელი გაყიდვების მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის ტოლია. ხოლო 2024 წლის მაჩვენებლები, 2023-ს 30%-ით აჭარბებს. ამის მიუხედავად, ელისაბედაშვილი 2024 წლის ნოემბერი - დემებერს უარყოფითად აფასებს. ამბობს, რომ ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა მასზე უარყოფითი გავლენა იქონია.
“ჯერჯერობით სტაგნაციაში ვართ. 2024 წელს, 1 პატარა მაღაზია და “გალერეაში” 1 სავაჭრო ცენტრი დავამატეთ. გვქონდა საკმაოდ ნორმალური წელი და გაყიდვებით პანდემიამდელ პერიოდს მივუახლოვდით. პანდემიის შემდეგ, ძალიან დიდი ვარდნა გვქონდა და ფაქტობრივად მოგვიწია, რომ ყველაფერი თავიდან დაგვეწყო.
2024-ში, 2023 წელთან შედარებით 30%-იანი ზრდა გვქონდა, თუმცა 2024 წლის მეორე ნახევარი, ნოემბერი - დეკემბერი შედარებით რთული პერიოდი იყო. ჩვენ გვაქვს საკუთარი 2 პატარა მაღაზია, 2 სავაჭრო კუთხე. ამასთან მიწოდებას ვაკეთებთ დუტიფრისთან და რამდენიმე პატარა მაღაზიასთან ვთანამშრომლობთ და რაღაც პროდუქტებზე გუდვილთან”. თუ სიტუაცია დასტაბილურდა, ახალი სარეალიზაციო ობიექტების დამატებას კვლავ განვიხილავთ, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, „ქართული კალათა – არისტეუსი“ 2015 წელს დაარსდა. კომპანია ქართული წარმოების ტრადიციულ თუ ინოვაციურ პროდუქტებს აწარმოებს და მის რეალიზაციასაც თავად უზრუნველყოფს. გარდა საკუთარი პროდუქტებისა, ბიზნესი პროდუქციას ფიზიკური პირებისგან იბარებს, ფუთავს და ყიდის.