მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ხორბლის პოტენციალი სრულად ათვისებული არ არის - ლალი მესხი

ხორბალი

საქართველო მსოფლიოში აღიარებულია, როგორც მარცვლეულის, განსაკუთრებით კი ხორბლის მოშინაურების ერთ-ერთი უძველესი კერა, თუმცა ამ მიმართულებით არსებული პოტენციალი სრულად ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული. ამის შესახებ გაერთიანება „ქართული ხორბლის“ დამფუძნებელმა, ლალი მესხმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანა კვლავ მნიშვნელოვნად იმპორტზეა დამოკიდებული და შიდა მოთხოვნის მცირე ნაწილს თავად აკმაყოფილებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის მხოლოდ მცირე ნაწილს ფარავს : „ჩვენი მოთხოვნის სასურსათო ნაწილში (საუბარია ინდუსტრიულ წარმოებაზე) 20 პროცენტსაც ალბათ ვერ ვაწარმოებთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით რომ იმუშაოს, ეს ძალიან წაადგება ეკონომიკასაც, მოსახლეობასაც და ფასებსაც“, - ამბობს მესხი.

მისივე თქმით, ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ხალხური ჯიშები — მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 კულტურულ სახეობიდან, რომელთა შორის 14 საქართველოშია გავრცელებული და მათგან 5 ენდემურია, წლების განმავლობაში მივიწყებული იყო და გადაშენების საფრთხის წინაშე იდგა, თუმცა ბოლო პერიოდში მათი აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს: „ეს ქართული ხორბლის ხაზი არის აღდგენა-გაცოცხლების რეჟიმში. ის გადაშენების პირას იყო ათი-თხუთმეტი წლის წინ, თუმცა ახლა სხვადასხვა ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით მისი გაცოცხლება ხდება ფერმერულ მეურნეობებში“, - თქვა მან.

დარგისთვის მნიშვნელოვან წინსვლად სახელდება 2025 წლის 10 დეკემბერს ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება. როგორც მესხი განმარტავს, ეს ფაქტი მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც ქმნის : „ეს ძალიან დიდი ამბავია ამ საქმეში მისი გაკომერციულების და ეკონომიკაში მისი როლის დამკვიდრებისთვის, იმიტომ რომ იწვევს ინტერესს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც“.

მისივე განმარტებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც მწარმოებლების, ისე ბაზრის ინტერესიც. თუ წარსულში ქართული ენდემური ჯიშების ხორბლით დაინტერესებული ფერმერები ერთეულები იყვნენ, დღეს მათი რაოდენობა უკვე რამდენჯერმეა გაზრდილი.

„თუ ათი წლის წინ ძლივს იპოვიდით ვინმეს, ვისაც ქართული ხორბლის მოყვანა უნდოდა, ახლა ეს ინტერესი მკვეთრად გაზრდილია“, - აღნიშნავს მესხი.

თუმცა, მისი შეფასებით, დარგის მდგრადი განვითარების მთავარი გამოწვევა წარმოების სრული ჯაჭვის გაუმართაობაა : „თუ არ იქნება მხარდაჭერა თესლიდან საბოლოო პროდუქტამდე, პურამდე, ვერ შეძლებენ მწარმოებლები ამ რთული პროცესის დამოუკიდებლად განვითარებას“.

დარგის წარმომადგენლის ინფორმაციით, ქართული ხორბალი მნიშვნელოვნად განსხვავდება ინდუსტრიული ხორბლისგან და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს: „ეს არის ბუნებრივი მოსავლიანობის მქონე ჯიშები და მათში ხელოვნური ჩარევა მათი გენეტიკის შეცვლას გამოიწვევს. ამიტომ მათი განვითარება უნდა მოხდეს ნიადაგის, თესლისა და ფერმერთა ცოდნის გაუმჯობესებით“.

მესხი ასევე მიუთითებს, რომ ქართული ხორბლის პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ხშირად ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვებადაც მიიჩნევა, თუმცა მისი ფასი შედარებით მაღალია ინდუსტრიული ხორბლისგან წარმოებულ პურთან შედარებით: „ეს არის პროდუქცია, რომელიც არის ცოტა და მაღალი ხარისხის, შესაბამისად ფასიც მაღალი აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, მოთხოვნა იზრდება“.

მისივე შეფასებით, სწორი სახელმწიფო პოლიტიკისა და მხარდაჭერის პირობებში, საქართველო შეძლებს არა მხოლოდ შიდა ბაზრის უკეთ დაკმაყოფილებას, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც კონკურენტუნარიანი პროდუქტის შეთავაზებას : "ძალიან ბევრი საქმე გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ ზრდის ტენდენცია ნამდვილად არის და სწორი ნაბიჯების შემთხვევაში, შედეგიც იქნება“.

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ხორბლის იმპორტი როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოტანილია 48 666 ტონა ხორბალი, რომლის საერთო ღირებულებამ 12.2 მილიონი დოლარი შეადგინა.

შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 41 821 ტონას და 10.1 მილიონ დოლარს შეადგენდა. შედეგად, მიმდინარე წელს ხორბლის იმპორტი ღირებულებით 20.6%-ით, ხოლო მოცულობით 16.3%-ით არის გაზრდილი.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ხორბლის იმპორტში დომინანტი პოზიცია კვლავ რუსეთს უკავია, საიდანაც ქვეყანამ 42 060 ტონა ხორბალი შეიძინა და მასში, 10.6 მილიონი დოლარი გადაიხადა. მეორე ადგილზეა ყაზახეთი (6 578 ტონა და 1.5 მლნ დოლარი). შედარებით მცირე მოცულობები ფიქსირდება ბელარუსიდან (21 ტონა, 16 ათასი დოლარი) და თურქეთიდან (5.5 ტონა, 3 ათასი დოლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები