მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანია SpaceM-ი NVIDIA Inception-ის პროგრამას შეუერთდა

სფეის

2024 წლის 15 იანვარს, კვების ობიექტების პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი ქართული კომპანია SpaceM-ი NVIDIA Inception-ის პროგრამას შეუერთდა. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, ნათია ჯიჭონაიამ განაცხადა.

„SpaceM-ის ინიციატივით საქართველოს ბაზარზე NVIDIA-სთან თანამშრომლობით სრულიად ახალი პროდუქტი TasteAI ინერგება. SpaceM-ის TasteAI პროექტი არის ინოვაციური შესაძლებლობა ქართული ჰორეკა ინდუსტრიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი სარესტორნო ბიზნესში: კერძების ხარისხის კონტროლის სისტემების გაუმჯობესების, ავტომატიზაციის და ოპტიმიზაციისთვის, კერძების სურათებისა და სტუმრების შეფასებების ანალიზის საფუძველზე. TasteAI დაეხმარება კვების ობიექტებს შეინარჩუნონ და გააუმჯობესონ კერძების ხარისხი", - აღნიშნა ნათია ჯიჭონაიამ.

NVIDIA Inception-ში მონაწილეობით SpaceM-ს წვდომა ექნება NVIDIA-ს ვრცელ რესურსებზე, ტექნიკურ ექსპერტიზასა და კავშირებზე.

"ეს არის ახალი სტანდარტი და გვჯერა, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი რევოლუცია მოახდინოს სარესტორნო ინდუსტრიაში, გახადოს ის მომხმარებლებსა და მონაცემებზე მეტად ფოკუსირებული", - განაცხადა SpaceM-ის მარკეტინგის მენეჯერმა.

TasteAI სატესტო რეჟიმში უკვე ჩაშვებულია ერთ-ერთ რესტორანში, კერძების ხარისხის კონტროლის მიმართულებით. „ვინაიდან TasteAI ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და ისიც სულ ახლახან ჩაეშვა, ზუსტი ფასის დასახელება გაგვიჭირდება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ერთი კერძის ხარისხის კონტროლის ფასი 1-დან 10 თეთრამდე იმერყევებს", - აღნიშნა ნათია ჯიჭონაიამ.

კვების ობიექტების გონივრული მართვისთვის განკუთვნილი, ქართული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია SpaceM-ი, ბაზარზე ცნობილია თავისი ინოვაციური პროგრამული გადაწყვეტილებებით. მისი მიზანია განავითაროს ქართული HORECA ინდუსტრია, კვების ობიექტები უზრუნველყოს პრემიუმ მომსახურებით და შექმნას მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება. რესტორნების მფლობელებს, მენეჯერებსა და ინდუსტრიის ენთუზიასტებს შესაძლებლობა ეძლევა თვალყური ადევნონ TasteAI პროექტის განვითარებასა და სიახლეებს.