მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული კომპანიები Alibaba-ზე" - რა ტენდენციებია ელექტრონული კომერციის სექტორში?

ალიბაბა

B2B ელექტრონული კომერციის გიგანტ Alibaba.com -ზე ქართული კომპანიების განთავსება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით განხორციელდება. ამ ნაბიჯის მიზანი ადგილობრივი ბიზნესის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა.

როგორც ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელმა თამარ გოგოლაშვილმა BM.GE-სთან საუბარში განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ბიზნესს და ახალ სუბიექტებს იზიდავს.

„მე უშუალოდ საქმის კურსში ჯერჯერობით არ ვარ და არ ვიცი პროექტის დეტალები, თუმცა ზოგადად ნებისმიერი წახალისება სახელმწიფოს მხრიდან, რაც ეხება ვაჭრობას და მის განვითარებას, რა თქმა უნდა ბიზნესს ახალისებს. ეს კი, რა თქმა უნდა, ბიზნესში შემსვლელ სუბიექტებს ზრდის. თუმცა, ბევრი ფაქტორია, რას გვაძლევს დიდ სურათში“, - აღნიშნა გოგოლაშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად ელექტრონული კომერციის ბაზარს, გოგოლაშვილის თქმით, ელექტრონული კომერციის ბაზარი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მზარდ ტენდენციას აფიქსირებს. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Temu, ადგილობრივი ბიზნესებისთვის გარკვეულ გამოწვევებს ქმნიან.

„ბევრი ონლაინ მაღაზიაა, რომლებსაც მომწოდებლების გარეშე პირდაპირ შეუძლიათ პროდუქცია მიაწოდონ ქართველ მომხმარებელს. აქედან გამომდინარე, მომხმარებელს გამარტივებული გადაზიდვის პირობებში ურჩევნია გამოიწეროს პროდუქცია“, - განმარტა გოგოლაშვილმა.

მისი თქმით, ამ ტენდენციამ უარყოფითი გავლენა მოახდინა იმ ქართულ ბიზნესებზე, რომლებიც დაბალ ბიუჯეტურ პროდუქციაზე იყვნენ ორიენტირებული, რამაც მათი ნაწილის საქმიანობის შეჩერება გამოიწვია. თუმცა, მსხვილი კომპანიები გარკვეულწილად ადაპტირდნენ და ფოკუსირება სხვა, უფრო დიდ გაბარიტიან პროდუქციაზე მოახდინეს, მაგალითად, ავეჯზე, რასაც Temu-ს მსგავსი პლატფორმები ვერ ფარავენ.

გოგოლაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მომხმარებლების მხრიდან ელექტრონული კომერციისადმი უნდობლობა შემცირებულია, რაც დაგროვილი გამოცდილების დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ Temu-სა და სხვა პლატფორმების გავლენა ქართულ ბიზნესზე უარყოფითია, ის გარკვეულწილად წამახალისებელია ახალი მომხმარებლებისთვის, რადგან უფრო მეტი ადამიანი ერთვება ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში და იძენს პროდუქტებს ონლაინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები