მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ანაკლიას განვითარების შანსი არ აქვს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

5e16f4fc78301
ინგა მურუსიძე
09.01.20 14:45
1188
"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს განვითარების შანსი არ აქვს, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი bm.ge-სთან საუბარში მთავრობის გადაწყვეტილებას, ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

დეპუტატი ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც 2018 წლის ივნისში ბიძინა ივანიშვილმა ღიად და საჯაროდ გამოხატა აგრესია მამუკა ხაზარაძის მიმართ.

"ამის შემდეგ დაიწყო მთელი საგა, რომელიც დაკავშირებული იყო არა მარტო ანაკლიასთან, არამედ "თიბისი ბანკთან". მთავრობა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა იქით, რომ კონსორციუმი ვერ ასრულებს პირობებს და ვწყვეტთ ხელშეკრულებას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ რამემ შეუშალა ხელი კონსორციუმს, ეს იყო სწორედ ასეთი სინქრონიზებული შეტევა "თიბისი ბანკის", მამუკა ხაზარაძის, ანაკლიის კონსორციუმის წინააღმდეგ. მთავარია, მოტივაცია ივანიშვილისთვის არა მარტო ხაზარაძესთან მიმართებაში, არამედ ზოგადად არის ის, რომ არ დაუშვას მისგან დამოუკიდებელი ჯგუფების არსებობა, იქნება ეს პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორში, ეკონომიკაში, მედიაში თუ ბიზნესში. ის ებრძვის ყველას და ყველაფერს, ებრძვის დამოუკიდებელ ფიგურებს და ამ შემთხვევაში მისი მთავარი მოტივი იყო ის, რომ შიშობდა, კონსორციუმი არ გამხდარიყო დამოუკიდებელი ეკონომიკური მოთამაშე. ეს მოტივაცია როგორც მინიმუმ, სასარგებლო აღმოჩნდა რუსეთისთვის, რომელსაც არ აწყობს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება სტრატეგიულად", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დეპუტატი იმ 4 მიზეზს ასახელებს, რომელიც მისი განმარტებით, ხელს შეუშლის პროექტის განხორციელებას. 

"1. პროექტის განხორციელებას სჭირდება პოლიტიკური ნება, რაც არ არსებობს პირველ რიგში, იმ კონცეფციიდან გამომდინარე, რაც ივანიშვილს თავში აქვს საქართველოს შესახებ. მაგალითად, შავ ზღვაზე რა უნდა ამერიკის გემებს, ის ასევე ამბობს, რომ არ უნდა გვქონდეს ამბიცია, ის ფიქრობს, რომ ჩვენ ხინკალი უნდა მოვახვიოთ და რუს ტურისტს უნდა ვუცეკვოთ და არ უნდა გვქონდეს ამბიციები. ივანიშვილის კონცეფციაა, რომ ჩვენ ვართ სოფლის მეურნეობის ხალხი და არ შეიძლება რაიმე სერიოზულ პროექტებზე ვიფიქროთ, მეტი არაფერი შეგვიძლია. სწორედ ეს არის მათ თავში.

2. მეორე საკითხი არის კომპეტენცია, ამ ხალხს არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია. რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეთ ამათ - თითოეული მთავრობის წევრს შეხედეთ, ყველაზე კარგი მაგალითი არის გუდაურის წყალი. გუდაურსა და ბაკურიანში წყალი ვერ მიიყვანეს, რა ანაკლიაზე შეიძლება იყოს საუბარი.

3. წარმოვიდგინოთ, რომ პოლიტიკური ნებაც აქვთ და კომპეტენციაც, ახლა ქვეყანა მისული არის ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე. ანაკლიის პორტის განვითარებას, გარდა კონსორციუმის მიერ მოზიდული თანხების მოზიდვისა, სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, რისი ფულიც უკვე აღარ არსებობს.

4. თავადვე ისე გააუარესეს ეკონომიკური მაჩვენებლები და ბიზნეს-კლიმატი, ახლა კიდევ უფრო რთულია ვინმეს დაინტერესება ამ პროექტით. ერთადერთი, შეიძლება დაინტერესდნენ ისეთი ჯგუფები, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ბევრ კითხვას დაბადებს.

"ქართული ოცნების" პირობებში ანაკლიის პორტს განვითარება არ უწერია", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები