ორგანიზაციამ "დემოკრატიის ინდექსი - საქართველო" ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ დეპუტატების ნაწილი ბიზნეს საქმიანობაშია ჩართული, რაც კანონდარღვევაა. ორგანიზაციის თქმით, შესაძლო მაღალი დონის კორუფციაზე შესაბამის უწყებებს რეაგირება არ აქვთ.
კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ დეპუტატების ბიზნეს საქმიანობების მონიტორინგი არა ფორმალურად, არამედ ფაქტობრივად უნდა იწარმოებოდეს.
"პარლამენტს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: კანონების მიღება, ქცევის წესების დადგენა და კონტროლი სახელმწიფო ორგანოები კეთილსინდისიერად ასრულებენ თუ არა თავიანთ მოვალეობას. თუ პარლამენტის წევრს შეუთავსებელი თანამდებობა უკავია, ჩნდება ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც პარლამენტის წევრი შეიძლება ეცადოს, კანონში ისეთი ნორმა ჩაიწეროს, რომელიც მისი ბიზნესისთვის იქნება სასარგებლო ან მისი კონკურენტებისთვის დამაზიანებელი. სამწუხარო რეალობაა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ ორ პირს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ასეთი შეუთავსებელი საქმიანობის გამო. არადა, ყველამ ვიცით, რომ პარლამენტში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რაოდენობით იყვნენ ბიზნესმენები წარმოდგენილები, ამ მოწვევის პარლამენტში განსაკუთრებით დიდია მათი რაოდენობა.
არღვევენ თუ არა ისინი წესს, ამას მხოლოდ ფორმალური ნიშნით ამოწმებენ. თუ პარლამენტის წევრს გადაბარებული აქვს მისი ბიზნესის მართვა შვილისთვის, ცოლისთვის, სიდედრისთვის, სიმამრისთვის, დედისთვის, მამისთვის, თვლიან, რომ ყველაფერი წესრიგშია. არადა, სამეწარმეო საქმიანობა უნდა მოწმდებოდეს არა ფორმალური ნიშნით, არამედ ფაქტობრივი მდგომარეობით. უნდა მოწმდებოდეს, რეალურად ერევა თუ არა პარლამენტის წევრი თავისი ბიზნესის მართვაში", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
BMG-ის კითხვაზე, თუ პარლამენტარები პარალელურად ბიზნეს საქმიანობას ეწევიან და ფაქტზე ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს, არღვევს თუ არა "ქართული ოცნება" კონსტიტუციას, კონსტიტუციონალისტმა განაცხადა:
"არღვევს! და არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, ძალიან ხშირად. პასუხი ამაზე ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა აგებინოს [ქართულ ოცნებას]. პასუხისმგებლობის ეს ზომა, არჩევნებზე კონსტიტუციის დამრღვევებისთვის ხმის არ მიცემა".
- სხვა გამოსავალი თუ არსებობს?
"სხვა გამოსავალი იარსებებდა იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა იქნებოდა დამოუკიდებელი, თუ სასამართლო იქნებოდა დამოუკიდებელი. ჩვენ ვითარებაში, როდესაც ორივე უწყება მთლიანად პოლიტიკურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და მოქმედებს მისი ინტერესების შესაბამისად, სხვანაირი პასუხისმგებლობის დაკისრება დღესდღეობით შეუძლებელია", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
დეპუტატების ნაწილის საქმიანობა უპირისპირდება მიზანს, ემსახუროს ხალხის ინტერესებს - ანგარიში