„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე წარადგენს. საკითხზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
„იმპიჩმენტს რაც შეეხება, შესაბამისი წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შევა“, - თქვა პრემიერმა.
რაც შეეხება იმპიჩმენტის წინა მცდელობას, კობახიძე ამბობს, რომ მაშინ ყველამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე დარჩა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევით. მმართველი გუნდი ელოდება, რომ ახლა სხვა მოცემულობა იქნება, „ქართულ ოცნებას“ 100-ზე მეტი მანდატი ექნება და პრეზიდენტს თანამდებობიდან გადააყენებს.
„ჩვენ გვექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. გვინდა, რომ გადავცდეთ 100 მანდატს, შესაბამისად, იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად რეალური. მე მესმის, რომ ეს არის არსებითად სიმბოლური აქტი, რადგან სალომე ზურაბიშვილს აქედან 1 თვეში გაუვა ვადა, თუმცა იმპიჩმენტს აქვს დატვირთვა - არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად და შეგნებულად არღვევდა კონსტიტუციას, ჩადიოდა ქვეყნის ღალატს, იმპიჩმენტის გარეშე წავიდეს თანამდებობიდან. ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, ერთი თვით ადრე შეუწყდება უფლებამოსილება“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.