საქართველოში ბიზნესის საქმიანობისა და საჯარო პოლიტიკური აქტიურობის გამიჯვნის მიზნით მიღებული ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა 2026 წლის მარტის დასაწყისში მოაწერა ხელი, შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ახალი ტიპის კონტრაქტის ჩამოყალიბების საფუძველი გახდეს.
ეს ცვლილებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც მცდელობა, შეიქმნას მკაცრად დელიმიტირებული სივრცე, სადაც ბიზნესი სავარაუდოდ სრულად იქნება ორიენტირებული ეკონომიკურ ოპერაციებზე, ხოლო პოლიტიკური პროცესები მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების პრეროგატივად უნდა დარჩეს. ამ მოდელის პირობებში, არსებობს ვარაუდი, რომ ბიზნესსუბიექტების მხრიდან ნებისმიერი საჯარო აქტივობა, რომელიც სცილდება წმინდა კომერციულ ჩარჩოებს, შესაძლოა „დასჯადი პოლიტიკური აქტივობის“ კატეგორიაში მოხვდეს.
გაგიზიარებთ რამდენიმე მაგალითს, მე – როგორც ამ გადაცემის ავტორი – როგორ ვხედავ სიტუაციას. ამასთან შევეხები ბიზნესის რეგულირების არა მხოლოდ პირდაპირ, არამედ ირიბ გზებსაც.
ბუნდოვანი სამართლებრივი ჩარჩო: ინტერპრეტაცია, როგორც ბერკეტი
რიგითი მოქალაქის გადმოსახედიდან, ამ კანონმდებლობის ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო მახასიათებელი მისი ფართო ფორმულირებებია, რაც სავარაუდოდ ინტერპრეტაციის დიდ შესაძლებლობას ტოვებს. საზოგადოების რომელიმე ჯგუფზე ზეგავლენა ან საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე ზემოქმედება – შეიძლება იმდენად ზოგადად იქნას აღქმული, რომ ნებისმიერი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
მაგალითად: ევროინტეგრაციის მხარდაჭერა – წარმოიდგინეთ მსხვილი ქართული კომპანია (მაგალითად, ბანკი ან დეველოპერული ჯგუფი), რომელიც სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს: „ჩვენი მომავალი ევროპაშია, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას“. ეს შეიძლება ჩაითვალოს „საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე ზემოქმედებად“. გამოდის, ვინაიდან საგარეო ვექტორი პოლიტიკური საკითხია, ბიზნესის მხრიდან ამ პოზიციის გახმოვანება შეიძლება ჩაითვალოს „საჯარო პოლიტიკურ აქტივობად“. პირველ ჯერზე ჯარიმა, მეორეზე — სისხლის სამართლის საქმე.
მაგალითად: არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება – ბიზნესმენმა პირად გვერდზე ან ინტერვიუში თქვა: „ქვეყანაში არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა, რაც ბიზნესგარემოს აზიანებს“. ეს შეიძლება მოხვდეს კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების ან მათზე ზეწოლის მუხლში: სახელმწიფო ინსტიტუტის (ცესკო-ს) ეჭვქვეშ დაყენება – მათ შორის, ბიზნესის მხრიდანაც ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.
თვითცენზურა, როგორც თავდაცვა
ჩანს, მთავარი იარაღი თვითცენზურაა. როდესაც ბიზნესმენმა იცის, რომ ერთი განცხადების გამო შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს ან მთელი ქონება (კომპანია) დაკარგოს, მან შეიძლება სრული დუმილი არჩიოს. ამ კანონით „ქართული ოცნება“ ბიზნესს აყენებს არჩევანის წინაშე: „იყავი მხოლოდ „მოგების მანქანა“ და იყავი ჩუმად, ან – გარისკე ყველაფერი“. ხელისუფლება ამ მიდგომას ხსნის, როგორც სურვილს, დაიცვას პოლიტიკური ველი ბიზნესის ფინანსური ინტერესების პირდაპირი ზემოქმედებისგან. თუმცა, თუ უფრო დიდ სურათში შევხედავთ, ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ სტრატეგია ამ პროცესში ორმაგ თამაშს ეფუძნება.
ბიზნესი, როგორც განტევების ვაცი
ამ ერთმა კვირამაც კარგად აჩვენა, რომ ერთი მხრივ, მმართველი გუნდი მართავს ფასების შემწავლელი კომისიების სხდომებს, რითაც ცდილობს ამომრჩევლის თვალში „მზრუნველი მამის“ როლი მოირგოს და ბიზნესი – ირიბად მაინც – „განტევების ვაცად“ აქციოს, რომელსაც ინფლაციასა და სიღარიბეში ლომის წვლილი მიუძღვის. მეორე მხრივ კი, ის ბიზნესს ართმევს გამოხატვის თავისუფლების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს — თავისუფლად და კითხვის ნიშნების გარეშე თავის მართლების საშუალებას.
გლობალური გამოცდილება: კონტროლი vs. გამჭვირვალობა
დასავლურ დემოკრატიებში ბიზნესის ჩართულობა ინტერესების ლობირების ლეგალურ გზად მიიჩნევა, თუმცა საქართველოში ეს უფლება ახლა – ისევ რიგითი მოქალაქის გადმოსახედიდან ვამბობ ამას – მხოლოდ მმართველი გუნდის მხარდაჭერით შეიძლება შემოიფარგლოს. თვითცენზურის თუ კოლექტიური სიფრთხილის გარემოს შექმნის მცდელობაზე მიუთითებს ისიც, რომ ახალი შეზღუდვები მეტ–ნაკლებად თანაბრად შეიძლება შეეხოს როგორც იურიდიულ, ისე – ფიზიკურ პირებს. თუ კომპანია თავისი ოფიციალური პლატფორმიდან გააკეთებს კრიტიკულ განცხადებას, ის სავარაუდოდ ჯარიმის წინაშე აღმოჩნდება. მეორე მხრივ, თუ ბიზნესმენი, როგორც ფიზიკური პირი, მოიქცევა იგივენაირად თავისი კომპანიის სახელით, სანქცია მასზეც შეიძლება გავრცელდეს. ეს გვიჩვენებს, რომ ბიზნესის მფლობელისთვის „უსაფრთხო ზონა“ შესაძლოა საგრძნობლად შემცირდეს.
საერთაშორისო გამოცდილების ჭრილში, საქართველოს ეს ახალი კურსი შესაძლოა დაემსგავსოს იმ ქვეყნების მაგალითებს, სადაც სახელმწიფო ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ბიზნესის დამოუკიდებელი საჯარო როლი. ამ გადაცემისთვის მზადების პერიოდში, რის დამუშავებაც მოვასწარი – მსოფლიოში ბიზნესის საჯარო პოლიტიკური აქტივობის რეგულირების სულ ორი – ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომა არსებობს. ერთი მხრივ, გვაქვს მოდელები, სადაც სახელმწიფო ბიზნესს პოლიტიკური ვექტორის კონტროლის იარაღად იყენებს, მეორე მხრივ კი — დემოკრატიული სისტემები, სადაც აქცენტი გამჭვირვალობაზეა და არა – აკრძალვაზე.
მაგალითად: რუსეთში არსებობს ე.წ. „უცხოური აგენტებისა“ და „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონები, რომლებიც კრძალავს ნებისმიერი „პოლიტიკური საქმიანობის“ გარე დაფინანსებით. „პოლიტიკურ საქმიანობად“ მიიჩნევა საჯარო აზრის ფორმირება ან სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებზე გავლენა. ნებისმიერი მეწარმე, რომელიც მხარს დაუჭერს სამოქალაქო მოძრაობას, მყისიერად ხდება სისხლის სამართლის დევნის ობიექტი. აქ ბიზნესი განიხილება, როგორც ხელისუფლების ნების შემსრულებელი და არა დამოუკიდებელი სუბიექტი.
დასავლური სტანდარტი: ფული & აქტივობა, როგორც გამოხატვის თავისუფლება
რუსული მოდელისგან განსხვავებით, განვითარებულ დემოკრატიებში ბიზნესის პოლიტიკური აქტივობა არა მხოლოდ დაშვებულია, არამედ დაცულია, როგორც გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. მაგალითად: ამერიკული მოდელით, ბიზნესს სულ ჰქონდა უფლება, შეექმნა „პოლიტიკური მოქმედების კომიტეტები“ (PACs) და დაეფინანსებინა კამპანიები. მთავარი მოთხოვნა მაშინაც, როცა იურიდიულ კომპანიებს პირდაპირ დაფინანსება ეზღუდებოდათ და დღესაც, როცა ასეთი შეზღუდვა აღარ არსებობს, სრული გამჭვირვალობაა — ყველამ უნდა იცოდეს, ვინ რამდენს ხარჯავს: ფული და აქტივობა აღქმულია, როგორც „გამოხატვის თავისუფლების“ ინსტრუმენტი. ევროკავშირის წევრებიდან საინტერესოა უნგრეთის მოდელიც. ეს ერთგვარ გარდამავალ მოდელს ჰგავს, სადაც აქცენტი კეთდება „სუვერენიტეტზე“ და ბიზნესის მხრიდან „უცხოური გავლენებისგან“ დისტანცირებაზე.
თუ დემოკრატიული სამყარო ეუბნება ბიზნესს: „შეგიძლია ჩაერიო საჯარო პოლიტიკური აქტივობის გზითაც, ოღონდ აჩვენე საიდან მოდის ფული“, ახალი ქართული კანონმდებლობა ეუბნება: „არ ჩაერიო, თორემ დაისჯები“. პრინციპში, ეს ქართული ოცნების ხაზის ლოგიკური გაგრძელებაა: მცდელობა, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მოდელიდან გადავიდეს „მართვადი კაპიტალიზმის“ მოდელზე, სადაც ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია არა ბაზარზე, არამედ პოლიტიკურ ლოიალობაზე. ცენტრალური აზიის ქვეყნების მაგალითზე შეიძლება დავინახოთ, რომ ბიზნესის პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვა ხშირად ეკონომიკის კლანურ მართვას უწყობს ხელს. საქართველოს კონტექსტში, ბიზნესისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვამ შეიძლება შექმნას „შერჩევითი სამართლის“ საფრთხე. ხელისუფლებას ექმნება სამართლებრივი ბერკეტი ერთი კომპანიის საჯარო პოზიცია „პოლიტიკურ ზეგავლენად“ მონათლოს და დასაჯოს, ხოლო მეორე კომპანიის მსგავსი აქტივობა (თუ ის ხელისუფლებისთვის სასარგებლოა) უგულებელყოს. განგრძობითად ეს გაურკვევლობა ბიზნესს აიძულებს, ეძებოს არაფორმალური მფარველები სახელისუფლებო წრეებში, რაც პირდაპირ ზრდის ელიტური კორუფციის რისკებს.
თვითცენზურის ფასი: სექტორული მაგალითები
შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ ახალი საკანონმდებლო რეალობა ყველაზე მწვავედ იმ სექტორებზე შეიძლება აისახოს, რომლებსაც საზოგადოებასთან მჭიდრო შეხება აქვთ ან ქვეყნის ეკონომიკურ ვერტიკალს ქმნიან.
მაგალითად: საბანკო და ფინანსური სექტორი – ბანკებს, რომლებიც არა მხოლოდ ფულს მართავენ, არამედ ფლობენ უზარმაზარ საკომუნიკაციო არხებს, შესაძლოა შეეზღუდოთ ამ რესურსის თავისუფლად გამოყენება: რა ხდება მაშინ, თუ ბანკი გადაწყვეტს თავის მობილურ აპლიკაციაში ევროკავშირის დროშის გამოჩენას ან საინფორმაციო ბუკლეტის გავრცელებას იმის შესახებ, თუ რატომ არის ქვეყნის დასავლური კურსი მნიშვნელოვანი სტაბილურობისთვის, შესაძლოა, ეს ქმედება ახალი კანონით „საზოგადოების დიდ ნაწილზე ზეგავლენად“ შეფასდეს. ვინაიდან ბანკებს აქვთ რესურსი, მიწვდნენ თითქმის ყველა მოქალაქეს, მათი ნებისმიერი საგანმანათლებლო თუ სოციალური კამპანია, რომელიც პირდაპირ არ ეხება საბანკო პროდუქტს, ასევე შესაძლოა მაღალი რისკის შემცველი გახდეს. ამ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ბანკი იძულებული გახდეს, შეწყვიტოს მსგავსი აქტივობა, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო დაჯარიმება.
მაგალითად: ტექნოლოგიური სექტორი და მედია-პლატფორმები – თუ სარეკლამო კომპანია კამპანიის ფარგლებში იყენებს სლოგანებს, რომლებიც ირიბად აკრიტიკებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს (მაგალითად, „ჩვენთან ფასები არ იზრდება“ – რაც შეიძლება აღქმული იქნას როგორც ირონია მთავრობის ფასების კომისიებზე), ეს შესაძლოა ჩაითვალოს პოლიტიკურ მანიპულაციად. გამოდის, ამ სექტორში მომუშავე ბიზნესებისთვის ყოველი სიტყვა და ვიზუალი შეიძლება გადაიქცეს პოტენციურ „ნივთმტკიცებად“, რაც მათ, დიდი ალბათობით აიძულებს, უარი თქვან კრეატიულობაზე და მხოლოდ ნეიტრალურ, უშინაარსო გზავნილებზე გადავიდნენ.
საინვესტიციო კლიმატი: სამართლებრივი გაურკვევლობის ფასი
ბოლოსკენ – რა შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ბიზნესის „საჯარო პოლიტიკური აქტივობის“ კრიმინალიზაციამ? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ კანონმა უცხოელი ინვესტორისთვის შეიძლება შექმნას სამართლებრივი გაურკვევლობის გარემო – ამას კი ყველაზე მეტად უფრთხის უცხოელი ინვესტორი. დასავლური კომპანიები (განსაკუთრებით აშშ-დან და ევროკავშირიდან) მუშაობენ ESG სტანდარტებით. ეს ნიშნავს, რომ ისინი ვალდებულნი არიან ჩაერთონ სოციალურ აქტივობებში, დაუჭირონ მხარი დემოკრატიულ ღირებულებებსა და გარემოს დაცვას. ეს ახალი კანონმდებლობა კი ერთი შეხედვით, დასავლურ ენაზე – კორპორაციულ პასუხისმგებლობას, საქართველოს კონტექსტში პოლიტიკურ ზეგავლენად თარგმნის და როგორც უცხოურ, ისე მათ პარტნიორ ადგილობრივ კომპანიებს სულ მცირე ურთულებს სიტყვიერ თუ ფინანსურ აქტივობას. ამასთან, საქართველო წლების განმავლობაში ამაყობდა მაღალი პოზიციებით „ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსებში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჯამში ბიზნესების რეგულირებაზე გათვლილი ახალი კანონმდებლობა ქვეყანას ამ ტიპის ინდექსებში პოზიციებს მნიშვნელოვნად გაუუარესებს.
ბიზნესი ხმის გარეშე?
გამოდის, ერთი შეხედვით – ახალი კონტრაქტი ბიზნესისგან მოითხოვს არა მხოლოდ კანონმორჩილებას, არამედ სრულ საჯარო პასიურობას. ჩემნაირი რიგითი მოქალაქისთვის ეს ნიშნავს, რომ ის კომპანიები, რომელთაგანაც ადრე სოციალურ პასუხისმგებლობას, ქველმოქმედებას ან გარკვეულ ღირებულებებზე პოზიციონირებას ველოდით, ახლა მაქსიმალურად ჩაიკეტებიან საკუთარ ნაჭუჭში. ბიზნესი ხდება უპიროვნო და მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული, რადგან ნებისმიერი მცდელობა, იყოს საზოგადოების აქტიური წევრი, მისთვის ავტომატურად შეიძლება შეიცავდეს სისხლისსამართლებრივი დევნის რისკს. ეს ქმნის გარემოს, სადაც სახელმწიფო ერთპიროვნულად წყვეტს, რა არის პოლიტიკურად კარგი საზოგადოებისთვის, ბიზნესს კი მხოლოდ ამ გადაწყვეტილებების უხმო დაფინანსება და აღსრულება ევალება.




























