არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი ("სამართლიანი არჩევნები") წინასაარჩევნო პერიოდის გარემოს შეფასების ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, რომ მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დაშვებულზე ადრე, არაოფიციალურად დაიწყო. ISFED აღნიშნავს, რომ კვლევისას გამოიკვეთა სახელმწიფო ინიციატივები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს.
“მართალია, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, თუმცა მმართველმა პარტიამ მის ხელთ არსებული, მათ შორის სახელმწიფო რესურსების მობილიზება და არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხანია დაიწყო. ტრადიციულად, აღნიშნული კამპანია მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებით ხასიათდება. გამოიკვეთა სახელმწიფო ინიციატივები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს”, - ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.
კერძოდ, შეფასებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 29 აპრილს, “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მხარდამჭერი მასშტაბური აქციის ორგანიზებისთვის მმართველი პარტია აქტიურად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს.
“29 აპრილს თბილისში, მმართველი პარტიის ორგანიზებით, სამთავრობო პოლიტიკისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 2024 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილები. აქციის მოსამზადებელ სამუშაოებში „ქართული ოცნება“ აქტიურად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს. აქციისთვის მზადების მთელი პროცესი წარმოადგენდა სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის მოშლის აშკარა მაგალითს.
ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, აქციაზე დასასწრებად ადამიანების მობილიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული: ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპების ხელმძღვანელები და ა.შ. რიგ შემთხვევებში, დაწესებულებებისათვის განსაზღვრული იყო აქციაზე დამსწრეთა კონკრეტული კვოტა. შესაბამისი შერჩეული თანამშრომელი აღრიცხავდა აქციაზე წამსვლელებს და ადგენდა სიებს. ამისთვის, დასაქმებულებმა, ძირითადად, ერთდღიანი შვებულება აიღეს”, - ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიშში.
ISFED-ის დაკვირვებით, 2024 წლისათვის მმართველი პარტიის აქტიური მზადება და წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმზე გადასვლა თვალშისაცემი იყო ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადებამდე ბევრად ადრე.
“სახელმწიფოს მიერ გასაცემი დახმარებების, ხელფასებისა თუ სხვაგვარი დაფინანსების ზრდა, ფაქტობრივად, მთელ საჯარო სექტორს შეეხო. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული სარგებლის მინიჭება განსაზღვრული ჯგუფისათვის ადრე დაანონსდა, თუმცა, განხორციელების პერიოდი, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უშუალოდ აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს და არჩევნების მოახლოებას დაემთხვა. ასეთი მიდგომის გათვალისწინებით, დაანონსებული პროექტი საარჩევნოდ მოტივირებულად აღიქმება და უთანაბრო პირობებში აყენებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს”, - ნათქვამია ანგარიშში.
სავარაუდოდ საარჩევნოდ მოტივირებულ სახელმწიფოს პროგრამებს/ინიციატივებს შორისაა (არასრული სია):
- მთავრობის 2024 წლის თებერვლის ინიციატივა, ინიციატივით, რომლის მიხედვითაც პირველი მაისიდან ყოფილი ძალოვნების პენსია 560 ლარიდან 1 000 ლარამდე, ხოლო მარჩენლის გარდაცვალების გამო დანიშნული კომპენსაცია - 1 200 ლარამდე გაიზრდება და ამისათვის 45 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.
- 2024 წლის ივნისში პრემიერის განცხადება, რომლის თანახმადაც 2 000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმები ჩამოეწერება. თანხის ჯამური მოცულობა 5.6 მლნ ლარი იქნება.
- მთავრობის 2024 წლის აპრილის ინიციატივა, რომლითაც იგეგმება 2021 წლამდე წარმოქმნილი და აღიარებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს გააჩნიათ. ჯამში 145 ათასს პირს ჯამურად 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება.
- 2024 წლის თებერვალში განათლების მინისტრის მიერ სტუდენტებისათვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაანონსება. მინისტრის თქმით, პროგრამა სექტემბრიდან დაიწყება და 2-3 ათასი სტუდენტის დასაქმებას გულისხმობს.
- მთავრობის ინიციატივა, მასწავლებელთა ანაზღაურების “უპრეცედენტო” ზრდაზე. განათლების მინისტრის მტკიცებით, ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება, 1 ივლისიდან, საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება.