მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული ოცნების" კანონპროექტით, ფინანსურ დანაშაულზე პირის მიერ ქვეყნის დატოვების აკრძალვა მკაცრდება

პარლამენტი

"ქართული ოცნება" ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით კანონმდებლობას უფრო ამკაცრებს და პირს ქვეყნის დატოვება შესაძლოა სამუდამოდ აეკრძალოს თუ დაზარალებულს მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურა. ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებში, რომლებიც 3 სექტემბერს უკვე გამკაცრდა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის სწრაფი და ეფექტური ანაზღაურებისთვის მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა დაეკისრება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მოსამართლეს აღარ ექნება უფლება გადაწყვიტოს, ქვეყნის დატოვებაზე აკრძალვას ჩაწერს თუ არა განაჩენში. აღსანიშნავია, რომ ბოლოს მიღებული ცვლილებებით ქვეყნის დატოვებაზე აკრძალვა მხოლოდ 16 წლით იყო განსაზღვრული.

ცვლილებების მიხედვით, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება შემდეგი საფუძვლებით:

  • დიდი ოდენობით თაღლითობა;
  • დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა;
  • დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მითვისება ან გაფლანგვა;
  • ქონებრივი დაზიანება მოტყუებით - დიდი ოდენობით;
  • სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება (თუ ზიანი აღემატება 10 ათას ლარს);
  • დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით;
  • უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
  • კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, - რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია.

ამ დანაშაულებში მსჯავდებულ პირს ქვეყნის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება თუ თავად დაზარალებული იტყვის უარს ამ კანონის აღსრულებაზე ან/და დაზარალებულს გადაუხდის კომპენსაციას.

"დღეს მოქმედი რედაქციით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1657 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მსჯავრდებულს ეკრძალება საქართველოდან გასვლა გამამტყუნებელი განაჩენით, კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას. დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით პირის მიმართ საქართველოდან გასვლის აკრძალვა გამოიყენება მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მეშვეობით. არსებული რეგულირების დახვეწისა და დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის სწრაფი და ეფექტური ანაზღაურებისთვის მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა დაეკისრება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე", - წერია განმარტებით ბარათში.

"ქართული ოცნების" პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. "ეს უკანასკნელი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, მოითხოვს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიღებას".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები