მიმდინარე კვირაში"ოცნების" სამთავრობო გუნდმა მასშტაბური საკადრო ცვლილებები წარადგინა. როტაცია შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურას.
21 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იცვლება. გელა (გეკა) გელაძე, რომელიც ამ პოსტს 2025 წლის მაისიდან იკავებდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გადავიდა. გელაძემ ამ პოზიციაზე მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი სულხან თამაზაშვილმა დაიკავა. თამაზაშვილი მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო. პოსტზე ზურაბ პატარაძე წარადგინეს, რომელიც თანამდებობას 2016 წლის ივლისიდან 2018 წელის ივლისამდე იკავებდა.
მამუკა მდინარაძემ, სუსის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შემდეგ, მთავრობაში ახალი პოზიცია დაიკავა. ის დაინიშნა ვიცე-პრემიერად და ამავდროულად იქნება „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი“. ეს პოზიცია მთავრობის სტრუქტურაში მომავალ კვირაში შეიქმნება.
საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ახალი სამინისტროს შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტი დაჩქარებული წესით მომავალ კვირაში განიხილავს.
ამ ცვლილებების შემდეგ, მთავრობას სამი ვიცე-პრემიერი ჰყავს:
- ირაკლი ჩიქოვანი (თავდაცვის მინისტრი);
- მამუკა მდინარაძე (სახელმწიფო მინისტრი);
- მაკა ბოჭორიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრი).
საკადრო ცვლილებები შეეხო სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც. უწყების უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა. ბერაია მანამდე შემოსავლების სამსახურს ხელმძღვანელობდა, უფრო ადრე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო.
მიუხედავად მინისტრის ცვლილებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში უცვლელი დარჩა მოადგილეების შემადგენლობა. 23 აპრილის ბრძანებით, პრემიერმა თანამდებობებზე ხელახლა დანიშნა პირველი მოადგილე როლანდ მესხი და მოადგილეები: შალვა თადუმაძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი სახოკია და მარიამ ტაბატაძე. მათ უფლებამოსილება მინისტრის ცვლილების გამო ავტომატურად ჰქონდათ შეწყვეტილი.
ბოლო ერთ წელიწადში „ქართული ოცნების“ მთავრობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი როტაცია განხორციელდა:
- გელა გელაძემ შს მინისტრის პოსტზე გასულ წელს ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა.
- სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობაში თორნიკე რიჟვაძე შეცვალა.
- მამუკა მდინარაძე სუსის უფროსად 2025 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, სადაც ანრი ოხანაშვილის ნაცვლად დაინიშნა.




























