მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ოცნების“ შემომწირველებს შორის კვლავ არიან მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებულები - TI

ივანიშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენის მიხედვით, „ქართული ოცნების“ შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებდნენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მეწილეები, აგრეთვე შემომწირველები, რომლებთან დაკავშირებული კომპანიებიც მსხვილ სუბსიდიებს იღებენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში „ქართულმა ოცნებამ“ წინა კვარტალთან შედარებით 20-ჯერ ნაკლები შემოწირულება მიიღო. პარტიას სულ 23-ჯერ შეწირეს თანხა, რაც ნაკლებია სხვა პარტიების მაჩვენებელზე, თუმცა "ქართული ოცნების" შემომწირველებში მსხვილი დონორების წილი სხვა პარტიებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო.

„ქართული ოცნების“ შემომწირველების მიმოხილვა

2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით „ქართულ ოცნებას“ 23-მა დონორმა ჯამში 447 030 ლარი შესწირა, ამ პირებს სულ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1.4 მილიონი ლარი აქვთ შეწირული. დონორებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ ბოლო 6 თვის მანძილზე 81 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო (სულ ამ კომპანიებს 2013 წლიდან 700 მილიონი ლარის ტენდერი აქვთ მოგებული).

მარტში, სერგო ხუბულიანმა "ქართულ ოცნებას" 40 000 ლარი შესწირა მას შემდეგ, რაც 65 მლნ ლარის ტენდერების მოიგო

სერგო ხაბულიანი პარლამენტის ყოფილი წევრია, ის „ნაციონალური მოძრაობიდან” ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა „ნაციონალური მოძრაობა” და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო. 2018 წლიდან სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა, შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და მისმა კომპანია „ცეკურმა” „ქართული ოცნებას“ 438 000 ლარი შეწირეს. შპს „ცეკურმა“ მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან 65 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი მოიგო, 2013 წლიდან ამ კომპანიას 280 მილიონ ლარამდე ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული.

იანვარში დავით დევაძემ და ოთარ ფუტკარაძემ "ქართულ ოცნებას" 77 000 ლარი შესწირეს და 7 მლნ ლარის ტენდერების მოიგეს

წლებია რაც კომპანია „ბონდი-2009“ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებში იმარჯვებს, ხოლო მისი მეწილეები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან. ამჯერად მმართველი პარტიის ყულაბა 77 000 ლარით დავით დევაძემ და ოთარ ფუტკარაძემ შეავსო, მათ სულ „ქართული ოცნებისთვის“ 237 000 ლარი აქვთ შეწირული.

გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებული ხუთი კომპანიას 2017-2023 წლებში სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში სუბსიდიები ჰქონდა მიღებული.

გარდა აგროპროგრამებისა, 2022 და 2023 წლების რთველის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „შატო მუკუზანს“ მიღებული აქვს 593 972 ლარი, ხოლო ბაკურ მიტიჩაშვილის საკუთრებაში არსებულ შპს „შატო ხვანჭკარას“ - 121 281 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები