მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული სტარტაპები გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობაში მოიკოჭლებენ"- GITA

ავთანდილ კასრაძე

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე BM.GE-სთან სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართული სტარტაპები გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობაში მოიკოჭლებენ.

მისი შეფასებით, მათ არ იციან გლობალური ბაზრის პრობლემების შესახებ, ანუ იმ ინდუსტრიების შესახებ, სადაც ყველაზე დიდი ფული ტრიალებს, რაც განაპირობებს იმას, რომ ქართული ინოვაციების გლობალიზაცია შესაბამისად ვერ მოხდება.

„ქართული სტარტაპები გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობაში მოიკოჭლებენ. რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულმა სტარტაპებმა არ იციან გლობალური პრობლემების შესახებ, იმ დიდი ინდუსტრიების შესახებ, სადაც ყველაზე დიდი ფული ტრიალებს. აქედან გამომდინარე, ქართული ინოვაციების გლობალიზაცია შესაბამისად ვერ მოხდება.

ჩვენი ამოცანაა, ქართველი ნიჭიერი ადამიანები, ინოვატორები ამ გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში ჩაერთონ. ასევე საერთაშორისო აქსელერატორებში, საერთაშორისო უნივერსიტეტებში იარონ და იყვნენ ჩართულები ამ გლობალურ ეკოსისტემაში, რათა ჩვენ არ ვხედავდეთ ვიწრო პრობლემებს, რომელიც საქართველოს აწუხებს. ამასთან, მნიშვნელოვანია განათლების დონის უფრო მეტად გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტებისადმი და თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი ადაპტირება. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები და კიდევ იქნება გადასადგმელი არა მარტო სახელმწიფოს, არამედ უნივერსიტეტების, სკოლების და ა.შ. მხრიდან“,- ამბობს კასრაძე.

მისი ინფორმაციით, საქართველოში ბოლო პერიოდში 120-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა, რომლებიც 10000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებენ. შესაბამისად, მათი წილი ეკონომიკაში განსაზღვრადია. რაც შეეხება სტარტაპებს, მშპ-ში მათი წილი იმ დრომდე არ ჩანს, სანამ მათ რომელიმე საერთაშორისო კომპანია არ შეიძენს ანუ არ მოხდება Global Exist.

კასრაძე ვარაუდობს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ეკოსისტემას საქართველოს მშპ-ზე გარკვეული ასახვა ექნება, მათ შორის ქართული ინოვაციური სტარტაპების საქმიანობაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები