„500 სტარტაპის“ საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე დარჩა.
დაინტერესებულ სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ 25 მაისამდე შეავსონ განაცხადი და გახდნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქსელერაციის პროგრამის ნაწილი.
საერთაშორისო პროგრამის მიზანია საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენა, წარმატებული ბიზნესის შექმნის პროცესში დახმარება, გლობალური ეკოსისტემის განვითარება და სხვა. ის 2010 წელს შეიქმნა და ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, სანდო და მოდურ აქსელერატორად იქცა „სილიკონ ველიში“.
არჩეული 500 სტარტაპის პროგრამა სამ ეტაპად განხორციელდება. მათ შორის იქნება ტრენინგები და ბოლოს სტარტაპების ნაწილი გაემგზავრება სან-ფრანცისკოში, სადაც „სილიკონ ველი“ მდებარეობს.
აქსელერატორის პროგრამას საქართველოში ერთობლივად ახორციელებენ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ და „საქართველოს ბანკი“. პროგრამის ფარგლებში „აქსელერატორი 500 სტარტაპი“ დაიწყებს აქსელერაციის პროგრამას შერჩეული სტარტაპებისთვის, რაც ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება.