2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრის ჩათვლით 12.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 73.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 1.7 ათასი ტონით (17%-ით), ხოლო ღირებულება - 19.7 მლნ აშშ დოლარით (37%-ით) გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 17%-ით გაიზარდა და 6.01 $/კგ შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სრულ 2024 წელში საქართველომ ექსპორტზე 106.2 მლნ აშშ დოლარის 17,720 ტონა თხილი გაიტანა, რაც 2023 წლის მონაცემზე თანხაში 15.7%-ით მეტია, რაოდენობრივად კი, 6.1%-ით ნაკლები. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წელს თხილის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე გაიზარდა - 2024 წლის საშუალო საექსპორტო ფასი 5.9 დოლარი იყო, ხოლო 2023 წლის 4.7 დოლარი.
2024 წლის TOP-10 საექსპორტო ქვეყანა ასეთია:
- იტალია - 18.1 მლნ აშშ დოლარის 3,789 ტონა;
- ესპანეთი - 14.5 მლნ აშშ დოლარის 1,924 ტონა;
- გერმანია - 9.2 მლნ აშშ დოლარის 1,322 ტონა;
- საფრანგეთი - 6.04 მლნ აშშ დოლარის 799 ტონა;
- სომხეთი - 5.5 მლნ აშშ დოლარის 1,235 ტონა;
- რუსეთი - 4.8 მლნ აშშ დოლარის 914 ტონა;
- პოლონეთი - 4.7 მლნ აშშ დოლარის 652 ტონა;
- ისრაელი - 4.05 მლნ აშშ დოლარის 485 ტონა;
- ჩეხეთი - 3.2 მლნ აშშ დოლარის 442 ტონა;
- ლიეტუვა - 3.1 მლნ აშშ დოლარის 418 ტონა.
საქართველომ ყველაზე მეტი, 183,3 მლნ აშშ დოლარის 19,933 ტონა თხილი ექსპორტზე 2014 წელს გაყიდა. ყველაზე ცოტა, 66.9 მლნ აშშ დოლარის 13,355 ტონა კი 2019 წელს, რაც ფაროსანას მიერ ბაღების განადგურებას უკავშირდებოდა.