თხილი და სხვა კაკალი ერთ-ერთია იმ პროდუქტთა შორის, რომლის ექსპორტიც საქართველოში აჭარბებს იმპორტს. წელს თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი გაზრდილია თანხობრივად, თუმცა მოცულობით მცირედით შემცირდა. მაგალითად, 2024 წლის 11 თვეში 90 მლნ აშშ დოლარის 15 000 ტონა თხილი გავყიდეთ საზღვრებს მიღმა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 79 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 16 751 ტონა თხილი გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქართული თხილის საექსპორტო ფასი წელს დაახლოებით 27%-ით გაზრდილია.
ბოლო ხუთი წლის თხილის ექსპორტის დინამიკა შემდეგნაირია:
2024 წლის 11 თვე - 90,2 მლნ აშშ დოლარი - 15 000 ტონა
2023 წლის 11 თვე - 79,2 მლნ აშშ დოლარი - 16 751 ტონა
2022 წლის 11 თვე - 89,7 მლნ აშშ დოლარი - 21 456 ტონა
2021 წლის 11 თვე - 106, 4 მლნ აშშ დოლარი - 22 132 ტონა
2020 წლის 11 თვე - 81,3 მლნ აშშ დოლარი - 14 978 ტონა
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, წელს ქართული თხილი და სხვა კაკალი ყველაზე დიდი რაოდენობით იტალიაში გავიდა, სადაც 14,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 3000 ტონამდე თხილი გავყიდეთ. მას მოჰყვება ესპანეთი - 12,6 მლნ აშშ დოლარის 1664 ტონით და გერმანია 8,2 მლნ აშშ დოლარის 1189 ტონა თხილის ექსპორტით. ხუთეულში შედის საფრანგეთი (5,5 მლნ აშშ დოლარის 742 ტონა) და სომხეთიც (4,6 მლნ აშშ დოლარის 1072 ტონა).
თხილის იმპორტს რაც შეეხება, წელს, ეს მაჩვენებელიც გაიზარდა. 2024 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში 40 მლნ დოლარის 8700 ტონა თხილის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტმა 17 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6140 ტონა შეადგინა. მონაცემები აჩვენებს იმას, რომ საქართველოს თხილისა და სხვა კაკლის იმპორტი გაუძვირდა. მთავარი საიმპორტო ბაზარი კი აშშ-ია, საიდანაც წელს 21 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 3500-მდე ტონა თხილი და სხვა კაკალი შემოვიტანეთ. მას მოჰყვება თურქეთი და უზბეკეთი თითქმის თანაბარი რაოდენობებით (4,1 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი, საიდანაც 11 თვეში 3,8 მლნ აშშ დოლარის 1000 ტონა თხილი და კაკალი შემოვიტანეთ.