Pomona Organic – ქართული წარმოშობის ორგანული წვენების ბრენდი, რომელიც წლებია Amazon-ზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, მომავალი წლიდან აშშ-ის ნაციონალური სუპერმარკეტების ქსელებში გამოჩნდება.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ლევან კახაძე BM.GE-სთან ამბობს, Pomona Organic ამჟამად საქართველოში წარმოებულ წვენებს აშშ-ის ბაზარზე ყიდის და ამ დროისთვის, უკვე 10 მილიონზე მეტი ბოთლი აქვს რეალიზებული.
ინფორმაციისთვის, Amazon-ზე პროდუქციის შეკვეთის ღირებულება, რომელშიც 12 ბოთლი ორგანული წვენია, 50 დოლარი ღირს.
„Pomona Organic Juices-ის ბრენდი დაახლოებით რვა წლის წინ შევქმენით. ეს არის 100%-ით ორგანული, USDA სერტიფიცირებული პროდუქტი. პირველი ვიყავით, ვინც ქართული წვენი Amazon-ზე შეიტანა, და დღეს ათ მილიონზე მეტი ბოთლი გვაქვს გაყიდული“, – ამბობს ლევან კასრაძე.
მისი ინფორმაციით, ბრენდის პროდუქცია 24 სახეობის ორგანულ წვენს მოიცავს, მათ შორის ბროწეულის, ჭარხლისა და ალუბლის. კომპანია პარტნიორობს საქართველოში ორგანული წვენის საწარმოსთან, რომელიც ბიო და ორგანული სერტიფიკატის მქონე პროდუქტს აწარმოებს.
Pomona Organic უკვე ხუთი წელია Amazon-ის ოფიციალური მიმწოდებელია: “ჩვენ ხელი მოვაწერეთ სიეტლში Amazon-თან ხელშეკრულებას და დღემდე წარმატებით ვმუშაობთ როგორც მათი პირდაპირი მიმწოდებლები “, – აღნიშნავს კახაძე.
ბრენდის შემდეგი ნაბიჯი არის ონლაინ გაყიდვებიდან საცალო ქსელებში გასვლა. ამ მიზნით, Pomona Organic უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს Whole Foods Market-თან, რომელიც Amazon-ის ეკოსისტემაში შედის და ორგანული პროდუქტების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან რითეილერად ითვლება. კომპანია რა მასშტაბით შევა საცალო გაყიდვების სავაჭრო სივრცეებში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შესაძლოა, პროდუქტი ეტაპობრივად გამოჩნდეს სხვადასხვა შტატში, ან ერთდროულად ყველა რეგიონში.




























