მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული თხილი და შვეიცარული შოკოლადი - რატომ გადაწყვიტა Camille Bloch-მა საქართველოში შემოსვლა

5fcd3f1af3c93
BM.GE
07.12.20 00:21
1932
შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში $10-მილიონიან ინვესტიციას ჩადებს, რათა ქვეყანაში თხილის ბაღები გააშენოს.

“ჩვენთვის მთავარი ინგრედიენტი არის თხილი და არა შოკოლადი” - განაცხადა BMG Chekpoints-ის ეთერში Camille Bloch-ის სტრატეგიული განვითარებისა და შესყიდვების ხელმძღვანელმა რენე მეიერმა. მისი თქმით, სწორედ ამ ინგრედიენტმა დააკავშირა ის საქართველოსთან. მეირი იხსნებს, როგორი დახმარება გაუწია მას შვეიცარიაში საქართველოს საელჩომ იმისთვის, რათა საჭირო კავშირები დაემყარებინათ ქვეყანაში ბიზნესის დასაწყებად, თუმცა საბოლოოდ საკუთარი სტრატეგიული მიზნის განხორციელებისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ, 2020 წლის დასაწყისში კი პროექტზე დავოსის ეკონომიკურინ ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც შეხვდნენ.

“მე ბატონ დენიელ ბლოხს ვუთხარი, რომ ჩვენი მთავარი ინგრედიენტი არის არა კაკაო, არამედ თხილი და სწორედ მას უფრო მეტს მოვიხმართ ჩვენს წარმოებაში. დენიელმა მითხრა, რომ სწორედ იმიტომ რომ ეს გიჟური იდეა იყო, ჩვენ ის უნდა განგვეხორციელებინა. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა შეხვედრა შვეიცარიაში საქართველოს საელჩოსთან, რომელმაც შემოგვთავაზა, რომ თხილი საქართველოში შეგვეძინა, რაზეც ვუპასუხე, რომ ჩვენ უფრო მეტად პლანტაციის შექმნით ვიყავით დაინტერესებული. ჩვენ საქართველოში პირველად 2016 წელს ჩამოვედით, მას შემდეგ ჩვენ საქართველო შეგვიყვარდა და მივხდით, რომ ეს კარგი ქვეყანა იყო ჩვენი ახალი საქმიანობის დასაწყებად,”- ამბობს მეიერი.

Camille Bloch-ის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში დაიწყება თხილის პლანტაციის პირველი 50 ჰექტარის დარგვა, მთლიანობაში კი პროექტი 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს.

პროექტის განვითარებაში ჩართული იყო სახელმწიფო სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, რომლოის ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი BMG Chekpoints-ის ეთერში საუბრისას ამბობს თუ როგორი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ასეთ რთულ ვითარებაში ახალი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას.

„არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, საერთაშორისო კომპანიის საქართველოში შემოყვანა. მოხარულები ვართ, რომ შვეიცარულმა კომპანიამ ნდობა გამოხატა და რამდენიმე წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოში ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო,“ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

საქართველოდან თხილის ექსპორტი გასული წლების განმავლობაში ქვეყანაში აზიური ფაროსანას და სკოვანი დაავადებების გავრცელების გამო შემცირებული იყო, თუმცა, როგორც ექსპორტის მაჩვენებლები მეტყველებენ, საქართველომ ეს გამოწვევა გადალახა. 2020 წლის 10 თვეში საქართველოდან $64 მილიონის თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2019 წელთან შედარებით 49%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები