მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა Arena Games-მა BR Capital-ისგან ინვესტიცია მოიზიდა

Arena Games

ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Arena Games-მა თბილისში დაფუძნებული საერთაშორისო ვენჩურული ფონდისგან, BR Capital-ისგან ინვესტიცია მოიზიდა. როგორც ფონდის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ქართულ კომპანიაში ინვესტირება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რადგან საქართველო, ბოლო პერიოდში, ტექნოლოგიურ “შუა დერეფნად” ყალიბდება და ფინტექისა და კრიპტოს მიმართულებით დასავლეთს აღმოსავლეთთან აკავშირებს.

“Arena Games-ი არ არის ჩვეულებრივი სტარტაპი. პლატფორმამ, რომელსაც ისინი Web3-ის ვიდეოთამაშებისთვის ქმნიან, ცოტა ხნის წინ ორი მილიონი თვიური ტრანზაქცია განახორციელა, რითაც CryptoRank-ის ყველაზე პოპულარული ბლოკჩეინ-პროექტების ჩამონათვალში მოხვდა, ეს შესანიშნავი შედეგია კომპანიისთვის, რომელიც ერთი წლისაც არ არის. Arena Games-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სწრაფად მზარდ ციფრულ ეკოსისტემაში”, - ვკითხულობთ ფონდის განცხადებაში.

კრიპტოინდუსტრიის კვლევითი ორგანიზაციის, CryptoRank-ის ყველაზე პოპულარული აპლიკაციების სამეულში Arena Games-ი მიმდინარე წლის აპრილში მოხვდა. ეს რეიტინგი კრიპტოპროექტების აქტიური მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით იყო შედგენილი და სამეულში ადგილი Linea-ს ბლოკჩეინზე გაშვებულმა Arena Games-მა სწორედ ბოლო 30-დღიან პერიოდში რამდენიმე ასეული ათასი აქტიური მომხმარებლით დაიკავა.

როგორც Arena Games-ის თანადამფუძნებელმა, მარი გიორგობიანმა მაშინ გვითხრა, კომპანიისთვის ეს დიდი აღიარებაა. “Arena Games-ისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. პროექტის მიმართ ყურადღება და ბლოკჩეინზე დაფიქსირებული აქტივობა - ჩვენი პლატფორმის ვალიდაციას გვაძლევს. ამგვარი განვითარების წყალობით, Arena Games-ს შეუძლია საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან ბლოკჩეინ-გეიმინგ პლატფორმად იქცეს”, - განაცხადა მარი გიორგობიანმა BMG-სთან.

შეგახსენებთ, რომ Web3-ის სფეროში, Arena Games-ი ერთ-ერთი წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც 2022 წლის დეკემბერში, ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის თემატიკის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონფერენციის, AIBC-ის ფარგლებში ჩატარებულ სტარტაპ-კონკურსში, GameFi Pitch-ში გაიმარჯვა. ამასთან, Arena Games-ი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორის, კალიფორნიული 500 Global-ის ქართული პროგრამის, 500 Georgia-ს კურსდამთავრებული და GITA-ს 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტის მფლობელია.

ვენჩურული ფონდი BR Capital-ი კაიმანის კუნძულებზე არის რეგისტრირებული, მაგრამ კომპანიის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს. ფონდი 2020 წელს დაფუძნდა და ამ დრომდე ინვესტიცია ისეთ კრიპტოპროექტებში განუხორციელებია, როგორიცაა Consensys, Nansen, Transak და 1INCH. ამასთან, BR Capital-ი მესამე ქართული ციფრული ბანკის, Pave Bank-ის ერთ-ერთი ინვესტორიცაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები