მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულმა ბრენდებმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს იმხელა ემოციის შექმნა, რომ მომხმარებელი დიდი ბრენდის შემოსვლას არ ნატრობდეს - ალექსი ჩიქოვანი

ალექს ჩიქოვანი

ქართულმა ბრენდებმა ვერ მოახერხეს იმხელა ემოციის შექმნა, რომ მომხმარებელი დიდი ბრენდის შემოსვლას არ ნატრობდეს - ამის შესახებ სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი, ალექსი ჩიქოვანი წერს და BMG-ის მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ყავის გლობალური ბრენდის, Starbucks-ის პირველი ფილიალი საქართველოში მომავალ წელს გაიხსნება.

როგორც ბრენდინგ სტრატეგი წერს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არაერთი მსგავსი კომპანია შეიქმნა და საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა, ვერცერთმა მათგანმა ქართველი მომხმარებლისგან განსაკუთრებული ემოციური კავშირი ვერ მოიპოვა.

"Starbucks-ის შემოსვლა კარგია, ბრენდია და რაღაცას ნამდვილად ნიშნავს, მით უმეტეს ამ რთულ დროს და მისი ამერიკული წარმოშობის გამო. ნამდვილად მივესალმები.

დიდი ბრენდის შემოსვლას მოჰყვება რაღაც ახალი, საიდანაც შეგიძლია ისწავლო - ეთიკა, კულტურა, პროდუქტის თუ მომსახურების კონცეფციის შექმნა და აწყობა, ეფექტიანი კომუნიკაცია - რაღაც, რასაც მიჰბაძავ და/ან როგორც კონკურენტს დაუპირისპირდები, გაიზრდები და აჯობებ კიდეც.

მაგრამ გული მწყდება ერთ რამეზე - მიუხედავად ქართული / საქართველოში შექმნილი ბრენდების არსებობისა, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი არიან და მე პირადად ძალიან ვგულშემატკივრობ, ვერცერთმა მათგანმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა იმხელა ემოციის შექმნა, რომ ქართველი მომხმარებელი აღარ ნატრობდეს დიდი ბრენდის შემოსვლას (პირიქით, იქით გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე და თავად გახდნენ “სტარბაკსები”), და კმაყოფილი იყოს ადგილობრივი ბრენდებითაც - მაგრად ევასებოდეს! ობიექტურობისთვის ვიტყვი, რომ მომხმარებელს რადიკალურ უკმაყოფილებას ვერ ვატყობ, მეტიც, "ანტრე" და თუ არ ვცდები "სკაც" გავიდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ ის ემოცია ჯერ კიდევ არ არის, აი, რაღაც დიდი და ჯიგრული.

მესმის, "სტარბაკსი" "სრატბაკსია", ათეულობით წლებია საერთაშორისო ბაზარზეა, ბევრი აკეთა და ბევრი იწვალა თავისი ბრენდის შესაქმნელად, მაგრამ მაინც. რატომ არ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ სწორედ მაგ დიდ ბრენდებს დავუდგეთ და ვაჯობოთ?

ხოდა, ჩემო ძვირფასო ქართულო ბრენდებო, მეტი გამოწვევა რაღა გინდათ? აგერ თქვენ და აგერ "სტარბაკსები" და "მარბაკსები", მოიკრიბეთ ძალები, ფოკუსირდით ბრენდინგზე და მაგრად დაუდექით! თქვენც კიდევ მეტად გაუმჯობესდით და ჩვენც კიდევ მეტად გვასიამოვნეთ!

P.S. თუ დახმარება დაგჭირდებათ ვართ ქვეყანაში სპეციალისტები, ვინც დაგეხმარებიან (არამარტო მე)", - წერს ალექსი ჩიქოვანი.

ცნობისთვის, როგორც BMG-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ბრენდი საქართველოში ქუვეითურ Alshaya group-ი შემოჰყავს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მათი თურქეთის ოფისი იმუშავებს. პირველი ფილიალი თბილისში, ვაკეში 2026 წლის მარტში გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები