ქართული ლოგისტიკურ-ტექნოლოგიური სტარტაპი, Cargon-ი გაფართოებას აგრძელებს და საქართველოსა და სომხეთის შემდეგ, წარმომადგენლობას მეზობელ აზერბაიჯანში ხსნის. როგორც Cargon-ის თანადამფუძნებელმა, ვანო ჩალაძემ BMG-სთან განაცხადა, აზერბაიჯანში გაფართოებით კომპანიას რეგიონში მიმდინარე ლოგისტიკური პროცესების ერთ პლატფორმაზე გაერთიანება სურს.
“აზერბაიჯანში მაისში ჩავეშვით და მას შემდეგ, აქტიურად ვვითარდებით, რადგან ეს ბაზარი, იქ არსებული ბიზნესები და მიმდინარე პროექტები ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. გვსურს, რეგიონში მიმდინარე პროცესები ჩვენს პლატფორმაზე გავაერთიანოთ, რადგან საქართველოსა და სომხეთში უკვე ვმუშაობთ, ხოლო ახლა - აზერბაიჯანი გვემატება, რომელიც ერთ-ერთი დიდი ბაზარია ჩვენს რეგიონში”, - განაცხადა ვანო ჩალაძემ BMG-სთან.
როგორც ვანო ჩალაძე რამდენიმე თვის წინ, TECH INFORM-ში ამბობდა, აზერბაიჯანში, ისევე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებში გაფართოება კომპანიის სტრატეგიული ხედვის ნაწილია, რომელიც შვიდი ვენჩურული ფონდისგან მოზიდული $1.7-მილიონიანი ინვესტიციით დადასტურდა.
“ინვესტიციის მოზიდვაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ამ შემთხვევაში, ჩვენი წამყვანი ინვესტორი ბრიტანული Sturgeon Capital-ია, მაგრამ მონაწილეობა ორმა ამერიკულმა, უზბეკურმა და აზერბაიჯანულმა ფონდებმაც მიიღეს. ეს ინვესტიცია ჩვენს სამიზნე რეგიონში - კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში გაფართოებაში დაგვეხმარებიან, რადგან ინვესტიციის მიზანი, პირველ რიგში, პროდუქტის განვითარებაა. გვინდა ჩვენი პლატფორმა მომხმარებლებისთვის უფრო მარტივი გახდეს და შედეგად, ლოგისტიკური პროცესები გამარტივდეს და უფრო გამჭვირვალე გახდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია გეოგრაფიული ზრდაც და მიზნად გვაქვს ავითვისოთ აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უზბეკეთი, რადგან შუა აზიის დერეფანი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია”, - განაცხადა ვანო ჩალაძემ რამდენიმე თვის წინ, TECH INFORM-ში.
შეგახსენებთ, რომ Cargon-ი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომლის ინვესტორებს შორის მსოფლიოს ყველაზე დიდ ლოგისტიკურ სტარტაპს, ამერიკულ Flexport-საც ვხვდებით. ამასთან, Cargon-ი 500 Global-ის ქართული პროგრამის, 500 Georgia-ს პირველი ნაკადის გამარჯვებულიცაა.