მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულმა კორპორაციულმა ობლიგაციებმა ₾2.7 მილიარდს მიაღწია - ნათია თურნავა

ნათია თურნავა ეროვნული ბანკი

"2025 წლის ბოლოსთვის, მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა წლიურად 33.3%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდ ლარს მიაღწია" - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „თიბისი კაპიტალის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი მდგრადი და სტაბილურია და ის გადამწყვეტ როლს თამაშობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. სების პრეზიდენტის განცხადებით, საფინანსო სექტორის შემდგომი დივერსიფიკაცია, განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრების განვითარების კუთხით ,არსებითად მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროების გასაფართოებლად და გრძელვადიანი, მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად.

"2025 წლის ბოლოსთვის, მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა წლიურად 33.3%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდ ლარს მიაღწია. გასული წელი ასევე გამოირჩეოდა ემისიის ყველაზე მაღალი აქტივობით - წლის განმავლობაში, ისტორიაში პირველად, 1.58 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი ემისია განხორციელდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაზრის სავალუტო შემადგენლობა კიდევ უფრო დაბალანსდა. 2025 წელს ახალი ემისიების დაახლოებით 66% ლარში იყო დენომინირებული, წლის ბოლოსთვის მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების 54% ასევე ლარში იყო განთავსებული. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ ზომის, არამედ მდგრადობის, ბაზრის სიმწიფისა და ნდობის თვალსაზრისითაც,“-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, ადგილობრივი კორპორაციული ემისიების მნიშვნელოვანი წილი მოდის საკრედიტო რეიტინგის მქონე ემიტენტებზე (2025 წელს ახალი ემისიების 79%), რაც ინვესტორთა მხრიდან გამჭვირვალობასა და რისკების შეფასებაზე გაზრდილ მოთხოვნას ასახავს.

ნათია თურნავა ასევე შეეხო საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების წარმატებით განთავსებას და აღნიშნა, რომ გასულ წელს, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, არაერთი შეხვედრა გაიმართა ინვესტორებთან სხვადასხვა ქვეყანაში. შედეგები მნიშვნელოვანია-ევრობონდების წარმატებული ემისიის დროს ინვესტორთა მოთხოვნამ შეთავაზებულ თანხას 5.5-ჯერ გადააჭარბა.

წლევანდელმა კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებლები. პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.

კონფერენცია წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით გაიმართა და 450-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები