მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უცხოელმა ინვესტორებმა ლარის ობლიგაციებში დაბანდებები გაზარდეს

ფული ლარი

უცხოელმა ინვესტორებმა ლარში ნომინირებულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში საკუთარი დაბანდებები გაზარდეს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. სტატისტიკის თანახმად, არარეზიდენტებს 2026 წლის I კვარტალის ბოლოსთვის სულ 492 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები ეკუთვნით, რაც წლიურად 355 მილიონი ლარით, ანუ 360%-ით არის გაზრდილი.

უფრო დეტალურად: არარეზიდენტების დაბანდებები საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებულ ლარში ნომინირებულ ფასიან ქაღალდებში 2025 წელს შემცირდა, რადგან 2024 წელს საშუალოდ 250-300 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, 2025 წელს კი 80-130 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. 2026 წლიდან კი ლარის ფასიან ქაღალდებში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზარდეს, კერძოდ, იანვარში ჯერ 441 მილიონ ლარამდე, თებერვალში 487 მილიონ ლარამდე, მარტში კი 492 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

უცხოელი ინვესტორების მიერ ლარის სახელმწიფო ობლიგაციების ფლობა გლობალურ საფინანსო ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის და ლარის მიმართ ინტერესთან პირდაპირ არის დაკავშირებული. აღნიშნული პარამეტრი წარმოადგენს ინდიკატორს, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად არიან დაინტერესებული უცხოელი ინსტიტუციური ინვესტორები ლარში ნომინირებულ აქტივებში ინვესტირებით.

ლარში ნომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მთლიანი ზომა 11.6 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც ყველაზე მეტი - 8.1 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდები ქართული ბანკების საკუთრებაშია, 1.1 მილიარდის ფასიან ქაღალდებს ფლობს ეროვნული ბანკი, 1.8 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდები კი სხვა რეზიდენტ ინვესტორებს ეკუთვნის, ხოლო არარეზიდენტებს კი 492 მილიონი ლარი, რაც მთლიანი ბაზრის 4.2%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები