მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

ვასილ რევიშვილი

ფინანსური საკონსულტაციო კომპანია X'ACT-ის თანადამფუძნებელი ვასილ რევიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკას დადებითად აფასებს.

საქმე ის არის, რომ აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს - 8.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის 2 მილიარდი დოლარით მეტია. „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, არსებული მოცულობა სავალუტო ფონდის (IMF) ადეკვატურობის ნორმის 128.2%-ს შეადგენს.

ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ წლიურად, 5.6%-მდე დაჩქარებული ინფლაციური ზეწოლის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვა უნდა შეამციროს და ეროვნულ ვალუტას გამყარების საშუალება მისცეს. თავად სებ-ი კი აცხადებს, რომ რეზერვების შევსება ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მთავარი გარანტია.

მართალია, ფინანსისტი ვასილ რევიშვილი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებას ემხრობა, თუმცა უწყების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კვლავ კრიტიკული რჩება.

“უფრო და უფრო მომწონს სებ-ის გადაწყვეტილებები. მე ეკონომისტების ნაწილისკენ ვიხრები, რომლებიც რეფინანსების განაკვეთის გამკაცრებას არ ემხრობიან. სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი [8.25%-ზე შენარჩუნდეს] და შევავსოთ სავალუტო რეზერვები. ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდება, გაცილებით უფრო იზრდება, ვიდრე იმპორტი - ამ შემთხვევაში ოდნავ დასუსტებული ლარი გვაწყობს, მეტი ექსპორტი გადის“, - აცხადებს ვასილ რევიშვილი.

ფინანსისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გლობალური გაურკვევლობისა და ნავთობის ბაზარზე არსებული მერყეობის ფონზე, რეზერვების მაქსიმალური დაგროვება ქვეყნისთვის აუცილებელი უსაფრთხოების ბალიშია.

„ყველაზე მთავარი: როდის ბუთქავს, არ ვიცით, გამომდინარე ნავთობის ფასებიდან. შესაბამისად, რაც უფრო მეტი რეზერვი იქნება ახლა, მით უფრო სწორია. 8 მილიარდი დოლარი, დაახლოებით, 6 თვის იმპორტის ზომაა, რაც კარგია, მაგრამ შოკურ და კრიზისულ ვითარებაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. ინფლაცია არ მგონია იმხელა რისკი იყოს, რამხელაც დანარჩენი გამოწვევები“, - განმარტავს X'ACT-ის დამფუძნებელი, ფინანსისტი ვასილ რევიშვილი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები