ქვეყნის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის შექმნა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებაა, რომელიც მან ჯერ კიდევ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დადო. ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრემიერად დამტკიცების შემთხვევაში 100 დღეში ქვეყნის განვითარების საკუთარ ხედვას წარადგენდა. დაპირებული 100 დღე სწორედ მაისის ბოლოს, რამდენიმე დღეში იწურება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ირწმუნება, რომ უწყებებმა თავიანთი ნაწილები უკვე წარადგინეს და საბოლოო დოკუმენტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება.
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არათუ 10 წელიწადში, არამედ 2 თვეში რა იქნება, ისიც კი არ იცის:
„საბჭოთა კავშირში იყო ხოლმე 5-წლიანი გეგმები და მერე მოწოდებები - შევასრულოთ 5-წლიანი გეგმა 2 წელიწადში. ახლა ალბათ დავდებთ 10-წლიან, აბსოლუტურად განუხორციელებელ გეგმას და მერე ვიტყვით, რომ 10-წლიანი გეგმა უნდა შევასრულოთ 9 წელიწადში. აბსურდამდე მივდივართ. 10-წლიანი კი არა, ის არ იცის „ქართულმა ოცნებამ“, რა იქნება 2 თვეში. ასე, რომ არ დაიჯეროთ, თითქოს იციან, რა იქნება 10 წელიწადში“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.




























