ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ დაფინანსებით ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების დარწმუნებას, რომ „რუსული კანონით“ შექმნილ რეესტრში დარეგისტრირდნენ.
როგორც ფინანსისტმა BMG-სთან, საკითხის შეფასებისას განაცხადა, საბოლოო მიზანი სიტუაციის ისე წარმოჩენაა, თითქოს კანონს საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა აქვს.
მისი თქმით, ზოგადად არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფოსგან დაფინანსების პრაქტიკა, თუმცა ამას უნდა ახლდეს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მექანიზმებიც.
„ეს გადაწყვეტილება იმისთვის არის, რომ რაღაცნაირად მოთაფლონ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ დარეგისტრირდნენ „რუსული კანონის“ ფარგლებში. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ისე წარმოაჩინოს, თითქოს საზოგადოების, NGO-ების მცირე ნაწილის პოზიციაა წინააღმდეგობაში ამ „რუსულ კანონთან“. თავისთავად, ირონიული სიტუაციაა, როდესაც მთავრობა აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციას. არასამთავრობო ორგანიზაცია სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს მთავრობისგან. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ არსებობს ეს მექანიზმები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფინანსირების რაღაც ნაწილის, ყველგან მსოფლიოში, შესაძლოა, მთავრობიდანაც მოდიოდეს, მაგრამ იქ არის სხვა უსაფრთხოების მექანიზმები ჩადებული, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების სრულ დამოუკიდებლობას განაპირობებს. ხომ ვიცით, რაში მდგომარეობს „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი...",- განაცხადა ფინანსისტმა.
შეგახსენებთ, მთავრობა, "რუსული კანონის" გამო უცხოური დონორებისგან დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის საპირწონედ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას ქმნის. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი საგრანტო პროგრამები მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან დაფინანსდება და ამ მიზნით მრავალი მილიონის გამოყოფა იგეგმება. ამასთან, პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ვინც "რუსული კანონის" რეესტრში არ დარეგისტრირდა, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი გრანტი არ უნდა მიიღონ და ეს ინიციატივა მხოლოდ იმ არასამთავრობოებმა უნდა გაიზიარონ, ვინც კანონს ემორჩილება. ირაკლი კობახიძემ საკითხზე 13 სექტემბრის ბრიფინგზეც ისაუბრა და ამჯერად თქვა, რომ კრიტერიუმები, რის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციები გადასახადის გადამხდელების ფულით დაფინანსდებიან, კომპეტენცია და კეთილსინდისიერებაა. BMG-ის კითხვის საპასუხოდ, შესაძლოა თუ არა სახელმწიფო დაფინანსება მიიღონ კრიტიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, იმ შემთხვევაში, თუ „რუსული კანონით“ შექმნილ რეესტრში დარეგისტრირდებიან, პრემიერი ამბობს, რომ რეგისტრაცია დაფინანსების მიღების კრიტერიუმი არაა.