მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომპეტენცია და კეთილსინდისიერება“ - რა კრიტერიუმებით დააფინანსებს სახელმწიფო NGO-ებს?

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კრიტერიუმები, რის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციები გადასახადის გადამხდელების ფულით დაფინანსდებიან, კომპეტენცია და კეთილსინდისიერებაა.

BMG-ის კითხვის საპასუხოდ, შესაძლოა თუ არა სახელმწიფო დაფინანსება მიიღონ კრიტიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, იმ შემთხვევაში, თუ „რუსული კანონით“ შექმნილ რეესტრში დარეგისტრირდებიან, პრემიერი ამბობს, რომ რეგისტრაცია კრიტერიუმი არაა.

„ცალკე აღებული რეგისტრაციაც კი არ არის კრიტერიუმი. შესაძლოა იყოს ისეთი ორგანიზაციაც, რომელიც საერთოდ არ ფინანსდება უცხოეთიდან, შესაბამისად არც ეკუთვნის რეგისტრაცია რეესტრში და მასაც შეუძლია განაცხადის შემოტანა. ანუ რეგისტრაცია საერთოდ არ არის კრიტერიუმი დაფინანსების გაცემისთვის. დაფინანსების გაცემისთვის იქნება კონკრეტული კრიტერიუმები, ეს არის ორგანიზაციის გამოცდილება, კეთილსინდისიერება, კომპეტენცია, რაც არის სტანდარტული კრიტერიუმები იმას გავყვებით. ყველა მიმართულებით, როდესაც კონკურსები ცხადდება, კრიტერიუმი არის ძირითადად ორი: კომპეტენცია და კეთილსინდისიერება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, მთავრობა, "რუსული კანონის" გამო უცხოური დონორებისგან დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის საპირწონედ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას ქმნის. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი საგრანტო პროგრამები მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან დაფინანსდება და ამ მიზნით მრავალი მილიონის გამოყოფა იგეგმება. ამასთან, პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ვინც "რუსული კანონის" რეესტრში არ დარეგისტრირდა, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი გრანტი არ უნდა მიიღონ და ეს ინიციატივა მხოლოდ იმ არასამთავრობოებმა უნდა გაიზიარონ, ვინც კანონს ემორჩილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები