“გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, მას და ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებასთან” - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ, მისი პრემიერობის დროს, ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას პარტნიორი ქვეყნების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე.
“საჯაროდ მინდა დავსვა კითხვა: არის თუ არა მოსაწონი, როცა ცნობილი, დიდი NGO-ები დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ? მე ამის თაობაზე, ჩემი პრემიერობის დროს, ღიად ვესაუბრებოდი ჩვენს პარტნიორებს და ღიად გამოვხატავდი უკმაყოფილებას. არაერთხელ მითქვამს მათთვის, რომ არ მომწონს, როდესაც თქვენი სახელმწიფო ორგანიზაციები და ფონდები ამ რადიკალური დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებს აფინანსებენ.
ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მიუღებელია ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ ეს ფული ხმარდება კეთილ საქმეებს, რისი ბევრი მაგალითიც არსებობს, მათ საქმიანობას მივესალმები. არიან ასეთი ორგანიზაციები, რომლებიც, მაგალითად, შშმ პირების უფლებების დასაცავად მუშაობენ. მაგრამ შენიღბული ორგანიზაციები, რომლებიც, ფაქტობრივად, დე ფაქტო, რადიკალური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სატელიტები არიან, მათი საქმიანობა, რა თქმა უნდა, არ არის გამჭვირვალე”, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერის თქმით, ასეთი NGO-ები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების დისკრედიტაციას ახდენენ.
“მიუღებელია, როდესაც ფული მიემართება დესტრუქციული, ანარქისტული, ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის, სახელმწიფოს საწინააღმდეგო იდეოლოგიის გავრცელებისთვის. ძალიან ბევრი აქციის უკან იდგნენ ეს ცნობილი ორგანიზაციები, მაგალითად “სირცხვილია”, სხვა ორგანიზაციებიც, რომლებიც დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან და ამ ფულს ხალხის წინააღმდეგ იყენებდნენ.
ასეთი ორგანიზაციები ახდენენ დისკრედიტაციას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და, მათ შორის, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების დისკრედიტაციასაც და ამით ჩვენს ურთიერთობას აზიანებენ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.