მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ეკონომიკის ორნიშნა ზრდა ღარიბაშვილის დამსახურებაა, პირველად რატომ დადო ცუდი შედეგი?! - ფინანსისტი

პრემიერი

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის აზრით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორები არა - ირაკლი ღარიბაშვილის და მისი გუნდის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, არამედ პოსტპანდემიური პერიოდის "ზამბარის ეფექტი" და რუსეთ-უკრაინის ომია, რომელიც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოსთვის „დადებითი შოკი“ აღმოჩნდა.

ამის შესახებ ფინანსისტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის შეფასებისას განაცხადა.

„ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის საზომად თუ ავიღებთ ეკონომიკის ზრდის ტემპს, რომელიც მართლაც ერთადერთი სწორი საზომია, დიახ, ბოლო სამი წელი გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ თუ ეს ღარიბაშვილის კარგი მუშაობის დამსახურებაა, 2013-2015 წლებში, როცა პირველად იყო პრემიერი, ცუდი შედეგი რატომ დადო?! ალოგიკურია, ხომ?! ამდენად, აქედან პირდაპირ გამოდის დასკვნა, რომ 2021-2023 წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის ფაქტორი ირაკლი ღარიბაშვილი არ ყოფილა, რადგან იგივე ირაკლი ღარიბაშვილის პირველ ჯერზე პრემიერობისას ეკონომიკურ ზრდაში დაბალი შედეგი გვქონდა“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ორგზის პრემიერობა 2013-2015 და 2021-2024 წლებში და ეკონომიკური ზრდის ტემპი

ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ჯამში, 5 წელი ეკავა. პირველად - 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე, მეორედ კი - 2021 წლის თებერვლიდან 2024 წლის იანვრის ბოლომდე.

პირველად თანამდებობის დატოვება მას კორუფციული სკანდალების ფონზე მოუწია, მეორედ კი - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებიდან ერთ თვეში. "ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება", - თქვა ივანიშვილმა პოლიტიკაში მესამედ მოსვლისას.

საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.4%-ით გაიზარდა, 2015 წელს კი - მხოლოდ 3%-ით.

საქსტატის მიხედვითვე, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა, 2022 წელსაც ორნიშნა 10.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2023 წელს კი, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები