“აბსოლუტურად მიუღებელია, რომ პრემიერ-მინისტრმა ასეთი განცხადებები აკეთოს და ჰქონდეს ისეთი ტონი, თითქოს მთავრობა სადღაც ზემოთ არის და ბიზნესი კიდევ მთავრობას ემორჩილება,“ - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.
საქმე იმაშია, რომ გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორები გააკრიტიკა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს იმპორტისას არსებული მაღალი ფასნამატის შესწავლა დარგის წარმომადგენლებთან ერთად დაავალა.
გიგა ბედინეიშვილი გადაცემა „საქმის კურსში"თქვა, რომ ეს განცხადება და მიდგომა საბჭოთა კავშირის პერიოდში გვაბრუნებს და მას არანაირი სარგებელი არ აქვს გარდა იმისა, რომ მთავრობა საკუთარ პასუხისმგებლობას ბიზნესს აბარებს.
„შეიძლება ვივარაუდოთ, ამის უკან ორი რაღაც იმალება - ერთი, რომ პრემიერი დაიბარებს იმპორტიორებს, დაუცაცხანებს, მუშტს მაგიდაზე დაარტყამს ან სთხოვს, რომ იქნებ ჩამოვწიოთ ფასები - ეს ორივე შემთხვევაში მიუღებელია და მეორე შეიძლება იყოს, რომ ფასების რეგულირება პოლიტიკურ დონეზე აიყვანონ, რაც არ იქნება ეფექტიანი, რადგან ასეთ შემთხვევაში შავი ბაზრები ჩნდება, რაც საბჭოთა კავშირში გვაბრუნებს, ხოლო საბჭოთა კავშირმა ასეთი ეკონომიკური მოდელის და პოლიტიკის გამო როგორ დაამთავრა, კარგად ვნახეთ. ამ რიტორიკით ეკონომიკა წინ ვერ წავა. ეს არის წინდაუხედაობა. არ უნდა ჩააფურთხო იმ ჭაში, საიდანაც წყალს სვამ და ბიზნესი არის ის, რაც ქმნის დოვლათ და ეკონომიკას წინ წევს. რატომ ვუშვებთ იმ შეცდომებს, რომელიც არაერთხელ ჩაფლავებულა, “ - აცხადებს ფინანსისტი.
მისივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა მხოლოდ ეკონომიკურად გაუთვითცნობიერებელი და მთავრობასთან დაახლოებული პირებისთვის იქნება მისაღები.
„არ გამოვრიცხავ, ეკონომიკაში გაუთვითცნობიერებელ ნაწილში ეს განცხადება მოსაწონი იყოს, სოციალიზმი ზოგადად, ანუ მდიდარს წავართვათ და ღარიბს მივცეთ, ზოგიერთ საზოგადოებაში პოპულარულია. არა მგონია, რომ პოლიტიზებული თუ არ არის ბიზნესი მოეწონოს ეს ნარატივი ან რამენაირად გადაწყვიტოს ამ მიდგომაზე კონსტრუქციული პასუხი, თუმცა ალბათ დახატავენ ერთი-ორ იმპორტიორს და შეიძლება გამოვიდეს ვიღაც, ვინც იტყვის, რომ მართლაც დამნაშავეები ვართ იმპორტიორები და მეტი უნდა გავაკეთოთ ფასების შესანარჩუნებლადო, ასეთებიც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა,“ - განმარტავს გიგა ბედინეიშვილი.