მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართულმა ოცნებამ" ნარკოდანაშაულის კანონი მიიღო

პარლამენტი

„ოცნების“ ხელისუფლებამ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კანონი მიიღო. პარლამენტმა დღეს III მოსმენით მხარი დაუჭირა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების კანონპროექტს - 80 ხმით და ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილებებს - 81 ხმით.

აღნიშნული კანონპროექტები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ "ოცნების" დეპუტატების მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრების გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვიანი სამოქალაქო პროტესტის პარალელურად მიიღო და 5 აპრილს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დააანონსა. ნარკოდანაშაულის კანონის გამკაცრებასთან ერთად მაშინ „ოცნებამ“ მთელი რიგი - მედიის რეგულირების, გრანტების მიღების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მიგრაციული კანონისა და სხვა მიმართულებებით საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განაცხადა. მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ ქვეყანა ბოლომდე უნდა დაიბრუნონ და ვერავინ უნდა შეძლოს არარსებული პრობლემებითა და გამოგონილი ბრალდებებით "ჩვენი სამშობლო ამყოფოს მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში". მმართველი ძალის სახელით მამუკა მდინარაძე პირობა დადო, რომ რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის და ქაოსის მცდელობები ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება, მათ შორის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია.

ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებას, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების ნარკომოვაჭრეთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისგან დაცვას, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციას.

ცვლილებათა პაკეტით, რომელმაც მმართველი პარტიის დეპუტატების მხარდაჭერა მოიპოვა, ნარკომანიით დაავადებული პირი გარკვეული საფუძვლით სავალდებულო მკურნალობას გაივლის. სავალდებულო მკურნალობის პირობებსა და წესებს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებში გაიწერა.

ამასთან, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებებით შეზღუდვების ვადა 5 წლამდე გაიზარდა, რომელიც იმ შემთხვევაში წესდება თუ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს. კონკრეტულად კი:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ე) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

ამასთან, აღნიშნულ იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი 2 500 ლარს გადაიხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კომისია უფლებამოსილი იქნება კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტში მითითებული შესაბამისი ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული გარემოებებისა და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, მას ჩამორთმეული უფლება/უფლებები ვადამდე აღუდგინოს ან შეუმციროს უფლების/უფლებების ჩამორთმევის ვადა.

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით კი შემცირდება ნარკოტიკული საშუალებების: ბუპრენორფინის, კოკაინის (ფუძე და მარილები), მარიხუანას (გამომშრალი, ნედლი), პსილოციბინის ან პსილოცინის შემცველი სოკოს ნებისმიერი სახეობის, ტეტრაჰიდროკანაბინოლების (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) და ფსიქოტროპული ნივთიერებების - კეტამინის და პრეგაბალინის განსაკუთრებით დიდი ოდენობების ზღვრები. ამრიგად, ცვლილებები განხორციელდება ზემოაღნიშნული კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებულ შესაბამის გრაფებში.

ამასთან, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრების პირობებში ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები