მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია “იზი ჩარტერმა” 2022 წელს 66 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო

649e7b5f0b03a
შოთა ტყეშელაშვილი
02.07.23 00:16
1993
ქართული ავიაკომპანია Easy Charter-ი მომხმარებლებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს სთავაზობს. კომპანიამ ოპერირება 2020 წელს დაიწყო და მის საკუთრებაში ერთი Airbus A300B4-203 საჰაერო ხომალდი იმყოფება.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ავიაკომპანიამ 2022 წელს 66 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, მისი წმინდა მოგება კი 11.7 მილიონ ლარს შეადგენდა.

“ავიაკომპანია „იზი ჩარტერს“ საკუთრებაში აქვს ერთი სატვირთო საჰაერო ხომალდი. თვითმფრინავით და ეკიპაჟით გაწეული მომსახურება საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წარმოადგენს კომპანიის საქმიანობას და შემოსავლის ძირითად წყაროს. კომპანიის თვითმფრინავის ტიპი და მოდელებია: 1. A300B4-203F.

თვითმფრინავი ბაზირებულია საქართველოში და რეისების აბსოლუტური უმრავლესობა ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ასევე ავიაკომპანია ახორციელებს საერთაშორისო რეისებს მესამე ქვეყნებს შორის. კომპანიის ოპერირების ძირითადი არეალია ევროპა, აზია, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის კონტინენტი,”- ნათქვამია დოკუმენტში.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ავიაკომპანიისთვის მთავარ ხარჯს საწვავის შესყიდვა წარმოადგენდა, რაზეც 24 მილიონი ლარი დაიხარჯა. ჰენდლინგური მომსახურების საფასური 5.7 მილიონი ლარი იყო, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯი 5.3 მილიონი ლარი, საჰაერო მომსახურების ხარჯი 4.4 მილიონი ლარი, შრომის ანაზღაურება 3.2 მილიონი ლარი, თვითმფრინავის იჯარა კი 2.2 მილიონ ლარს შეადენდა.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ავიაკომპანიის იურიდიული სახელია შპს “იზი ჩარტერი”, რომელიც 2020 წლის 15 იანვარს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი რატი ძერიაა, ხოლო მეწილეთა სია ასე ნაწილდება:

“2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დედა კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები არიან: რატი ძერია (34.11 %), კონსტანტინე დავითიძე (28.65 %) და პაატა კვიჟინაძე (13.64%), კახაბერ გიგიტელაშვილი (12.55%) და ლაშა გიგიტელაშვილი (11.05 %),”- ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში.

ავიაკომპანიის აქტივები 26.3 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები