მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა სატვირთო ავიაკომპანიამ პანდემიური 2020 წელი 9.7 მილიონიანი მოგებით დახურა

6144b1c88b465
შოთა ტყეშელაშვილი
18.09.21 00:00
1445
2020 წელს ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი სატვირთო ავიაკომპანია EASY Charter-ი გამოჩნდა, რომლის საკუთრებაშიც ერთი Airbus A300B4-203 საჰაერო ხომალდი იმყოფება.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ავიაკომპანია ოპერირების პირველივე წელს მოგებაზე გავიდა, რამაც 9.7 მილიონი ლარი შეადგინა.

“ავიაკომპანია „იზი ჩარტერს“ საკუთრებაში აქვს ერთი სატვირთო საჰაერო ხომალდი. თვითმფრინავით და ეკიპაჟით გაწეული მომსახურება საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წარმოადგენს კომპანიის საქმიანობას და შემოსავლის ძირითად წყაროს . კომპანიის თვითმფრინავის ტიპი და მოდელებია: 1. A300B4-203F.

თვითმფრინავი ბაზირებულია საქართველოში და რეისების აბსოლუტური უმრავლესობა ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ასევე ავიაკომპანია ახორციელებს საერთაშორისო რეისებს მესამე ქვეყნებს შორის. კომპანიის ოპერირების ძირითადი არეალია აზია, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის კონტინენტი,”- ნათქვამია დოკუმენტში.

2020 წელს ავიაკომპანიამ ჩარტერული რეისების შესრულებიდან 33 მილიონი ლარის, ჰენდლინგური მომსახურების გაწევიდან კი 1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

ამასთან, კომპანიამ 2020 წელს საწვავზე 6.5 მილიონი ლარი, საჰაერო მომსახურების ხარჯებზე 4.89 მილიონი ლარი, თვითმფრინავის იჯარაზე 3.78 მილიონი ლარი დახარჯა. მოგება-ზარალის უწყისში ავიაკომპანიამ 9.66 მილიონი ლარის მოგება მიუთითა.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ავიაკომპანიის იურიდიული სახელია შპს “იზი ჩარტერი”, რომელიც 2020 წლის 15 იანვარს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი რატი ძერიაა, ხოლო მეწილეთა სია ასე ნაწილდება:

● შპს იზი ჩარტერი - 70% (კომპანიის მთავარი მეწილე ისევე “იზი ჩარტერის” სახელწოდებით რეგისტრირებული იურიდიული პირია);
● ლაშა გიგიტელაშვილი - 15%;
● კახაბერ გიგიტელაშვილი - 15%.

თავის მხრივ, ავიაკომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი კომპანიის მეწილეთა სია ასეთია:

● რატი ძერია - 69%;
● კონსტანტინე დავითიძე - 21%;
● პაატა კვიჟინაძე - 10%.

2020 წლის ბოლოსთვის კომპანია 35 ადამიანს ასაქმებდა. 

ავიაკომპანიის აქტივები 11.1 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები