ქართულმა სტარტაპმა Ambry-მ, რომელიც კომპანიებსა და კერძო პირებს ნებისმიერი კრიპტომისამართისა და კრიპტოტრანზაქციის შემოწმებაში ეხმარება, 200 000 ლარის მოცულობის კერძო ინვესტიცია მოიზიდა.
როგორც ambry-ის თანადამფუძნებელმა ლუკა ლომსაძემ bm.ge-ს განუცხადა, კერძო ინვესტორები მათ სტარტაპის სიახლეებისა და სერვისების გაცნობის შემდგომ დაუკავშირდნენ. მისივე თქმით, თანხა სტარტაპის სერვისების განვითარებას, პლატფორმის დახვეწას, User Friendly პრინციპის დანერგვასა და ძლიერი სტაფის შეკრებას მოხმარდება.
„სტარტაპის სიახლეებისა და სერვისების ეფექტურობის სხვადასხვა გზით გაშუქების შემდგომ კერძო ინვესტორები დაგვიკავშირდნენ, რომლებიც ჩვენი პროექტითა და ზოგადად ინდუსტრიით იყვნენ დაინტერესებულები, მათ მარტივად გაანალიზეს, რომ „Ambry“ არის მომავლის ტექნოლოგია და ჩვენს პროექტში ინვესტირება სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს. გარდა 200 000 ლარიანი ინვესტიციის მოზიდვისა სიახლე ის გვაქვს, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე კორპორატიულ მომხარებელთანაც ვთანამშრომლობთ, რომლებიც „Ambry“-ს სერვისების გამოყენებით არიან დაინტერესებულნი“ -განმარტავს ლუკა ლომსაძე.
ქართული სტარტაპი, GITA-ს 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულიცაა. „Ambry”-ს გეგმებში სპეციალურად ბანკებისთვის სერვისების განვითარება და 2022 წლის დასაწყისიდან ადგილობრივი ბაზრის სრულიად ათვისების შემდგომ ევროპის ბაზარზე შესვლაა.