"თუ სიმართლეა, რასაც ამბობთ ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ არამზადები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი", - განაცხადა სენატში მიმდინარე მოსმენაზე სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა ჯიმ რიშმა, სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის მიერ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ.
ამასთან, ჯიმ რიშმა აღნიშნა, რომ მას არ ესმის, როგორ შეიძლება ქვეყანა, რომელიც წარსულში რუსეთის ბატონობისგან გათავისუფლდა, ისევ რუსეთისკენ მიდიოდეს.
"2012 წლიდან შორიდან ვაკვირდებოდით და არ გვესმოდა. ვხედავთ უკუსვლას, რეალურად, არ გვესმის. თქვენი ქვეყანა 4 მილიონ ადამიანზე ნაკლებია, ისე ჩანს, თითქოს, მინიმუმ, მნიშვნელოვანი მოძრაობაა, რომელიც წარსულ რუსულ მმართველობას და რუსულ რეპრესიებს ადიდებს. უბრალოდ არ გვესმის ეს. თქვენ მიიღეთ თავისუფლება რუსეთისგან და რატომ უნდა მიექანებოდეს ქვეყანა უკან?! ვუყურებთ საქართველოს და ბალტიის სამ ქვეყანას, ვადარებთ. ეს პატარა ქვეყნებია. გეტყვით - ეს ხალხი ხშირად მოდის ჩვენთან, ერთიანები არიან, მყარად არიან, არ ეშინიათ, სურთ ჩვენი დახმარება, რუსეთთან საერთოდ არანაირი საქმე არ უნდათ, რომ ჰქონდეთ, ნებისმიერი ფორმით.
და მაინც, არის საქართველო, რომელსაც შეჭრით “ეწვია” რუსეთი, აიღო მისი ორი ტერიტორია, პირობა დადო, რომ წავიდოდა, მაგრამ ჯერაც აგრძელებს ტერიტორიების ოკუპაციას. იმას ვამბობ, რომ შეშლილების ჯგუფი ყოველთვის იქნება, მაგრამ რატომ უნდა იყოს ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც, როგორც ჩანს, უკან კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში სურს დაბრუნება, რომელიც რუსეთს ჰქონდა,"- განაცხადა სენატორმა რიშმა.
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის განცხადებით, ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი წარმოადგენს რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგს და სწორედ მისგან არის შთაგონებული და ის მიზნად სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას ისახავს.
ამის შესახებ სენატორმა კარდინმა განაცხადა სენატში მიმდინარე მოსმენაზე "ანტი-NGO კანონები და დემოკრატიის ჩახშობის სხვა მეთოდები", სადაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის საკითხსაც განიხილავენ. სხდომაზე სენატორთა კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური პასუხობს.