მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გულდასაწყვეტია, რომ ოცნება რუსეთის მსგავს კანონპროექტს აბრუნებს" - სენატორების განცხადება

ჯიმ რიში ჯინ შაჰინი

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი ჯიმ რიში "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სენატორები მიიჩნევენ, რომ გულდასაწყვეტია საქართველოში ამ საკანონმდებლო პროცესის ხილვა, რომლის მიზანსაც რუსული სტილის, სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი ნორმების მიღება წარმოადგენს.

სენატორები მკაფიოდ უსვამენ ხაზს, რომ ამ კანონის მსგავსი ინიციატივები შეაფერხებს საქართველოს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

"ძალიან გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ საქართველოს მთავრობა აბრუნებს უცხოეთის აგენტების კანონს. ეს კიდევ უფრო დაყოფს ქვეყანას. ეს კანონპროექტი ჰგავს იმ კანონებს, რომელსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს. საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას კი ამის განმეორების არავითარი მიზანი არ უნდა გააჩნდეს.

ქართველმა ხალხმა 2023 წლის მარტში გამართული მასობრივი დემონსტრაციებით ეს კანონი უკუაგდო. ამ ცვლილების მიღება ახლა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესს არამხოლოდ არასწორი მიმართულებით მოატრიალებს, არამედ ის საქართველოს ტრანსატლანტიკურ და ევროკავშირში ინტეგრაციასაც შეაფერხებს. საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის დემოკრატიის მომავლის ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორი უნდა იყოს, შესაბამისად, ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უკუაგდოს ეს ინიციატივა,"- ნათქვამია სენატორების ერთობლივ წერილში.

სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრები არიან, სადაც სენატორი შაჰინი ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა.

კანონპროექტი სრულად იხილეთ სტატიაში.

3 აპრილს უცხოური გავლენების შესახებ მსგავსი შინაარსის კანონს ხელი მოაწერა ყირგიზეთმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები