ამერიკელმა სენატორებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
სენატორები გადაწყვეტილებას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არასწორად სჯეროდა, რომ დემოკრატიული მისწრაფებების უარყოფა აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა.
სენატორები მიუთითებენ, რომ აშშ ქართველი ხალხის მისწრაფებების ერთგული რჩება და მზადაა თანამშრომლობა განაახლოს ხელისუფლებასთან, როდესაც ის საერთო მიზნების მიმართ ერთგულებას კვლავ აჩვენებს.
"მივესალმებით განცხადებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ მისი გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ აღასრულოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შევიწროებისთვის, რომლებიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. მას შემდეგ, რაც 1991 წელს, საქართველომ მოსკოვისგან დამოუკიდებლობა დაიბრუნა, აშშ ამაყად უჭერს მხარს დემოკრატიულ ძალისხმევასა და რეფორმებს, მუშაობს მთავრობასთან ერთად მისი ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, 2008 წელს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებას არასწორად სჯეროდა, რომ მისი მოქალაქეების დემოკრატიული მისწრაფებების უარყოფა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენდა. დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს.
დახმარების შეჩერების გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ ტრანსატლანტიკური მომავლისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების ერთგული რჩება. სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა ჩვენი კანონპროექტის, „ქართველი ხალხის აქტის“, ერთ-ერთ დებულებას ასახავს, რომელიც საქართველოს ორმხრივი დახმარების გადახედვას მოითხოვდა. ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც საქართველოს მთავრობას დააკისრებს პასუხისმგებლობას და ქართველ ხალხს დემოკრატიული გზის გაგრძელებაში დაეხმარება. აშშ მზადაა თანამშრომლობა განაახლოს, როდესაც [საქართველოს] ხელისუფლება ჩვენი საერთო მიზნების მიმართ ერთგულებას აჩვენებს", - აღნიშნულია განცხადებაში.