აშშ-ის სენატორები და "ქართველი ხალხის აქტის" თანაავტორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ის ევროპელ პარტნიორებს საარჩევნო პროცესის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
სენატორები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნები დემოკრატიული საარჩევნო სტანდარტისთვის შეუსაბამო დარღვევებზე საუბრობენ და, თუ შედეგებზე ამ დარღვევების გაველნა დადასტურდა, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
"მიუხედავად საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ჩვენი შეშფოთებისა, იმედს ვიტოვებდით, რომ საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხის სურვილის შესაბამისად, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებდა. სინამდვილეში, საპარლამენტო არჩევნებში განსხვავებული რეალობის მოწმე გავხდით. ეუთო/ოდირის, IRI-ის, NDI-ისა და ISFED-ის ანგარიშებში საუბარია არაერთ დარღვევაზე, რომლებმაც დემოკრატიული არჩევნების სტანდარტები დაარღვიეს. საგანგაშოა ათობით ცნობა არჩევნების დღეს ჩარევაზე, მათ შორის ძალადობაზე, ამომრჩეველთა დაშინებასა და ბიულეტენების ჩაყრაზე - ამ ყველაფერს შეეძლო, კიდევ უფრო შეელახა არჩევნების შედეგების პატიოსნება.
მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობით, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ცნობები გაყალბებისა და საგარეო ჩარევის შესახებ, რათა გამოავლინონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც არჩევნების შედეგებზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეეძლო. პასუხისმგებელმა პირებმა შედეგიც უნდა მიიღონ.
საქართველოსთვის სახიფათო მომენტია. მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ მის ქმედებებს შესაძლოა, დაუყოვნებლივი გავლენა ჰქონდეს მის ეკონომიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგზე. უეჭველია, რომ რუსეთმა განხეთქილების დათესვითა და დეზინფორმაციით სარგებელი მიიღო. ჩვენ ვცნობთ ქართველი ხალხის უფლებას, რომ თუ მოისურვებენ, მშვიდობიანად გააპროტესტონ და მოუწოდონ ხელისუფლებას, პატივი სცენ მათ უაღრესად მნიშვნელოვან დემოკრატიულ უფლებებს.
თუ საჭირო გახდება, ჩვენს ორპარტიულ კანონპროექტში "ქართველი ხალხის აქტი" დამატებით ცვლილებებს შევიტანთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ გაყალბებასა და მანიპულაციაზე პასუხისმგებელი პირები გასამართლდებიან. აშშ-ის სენატი რჩება ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების ერთგულ მხარდამჭერად", - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.
„ქართველი ხალხის აქტი“ ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც ქმნის ჩარჩოს იმისთვის, რომ იმ პირებმა პასუხი აგონ საქართველოში კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და “რუსული კანონის” მიღებაზე.