სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ვითარება და უკუსვლა შემაშფოთებელია. როგორც მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, ფინანსური სანქციები დაწესდეს არსებული სიტუაციის შექმნაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.
„მე ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოზე, მის უკუსვლაზე, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღებაზე, რომელიც იმეორებს მსგავს რუსულ კანონს. მათ ეს გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად. ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, მკაფიო ვიყოთ იმის თაობაზე, რომ კონგრესში ორპარტიული წინააღმდეგობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება და ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ეს ორპარტიული საკითხია.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენმა მთავრობამ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააწესოს ფინანსური სანქციები მათზე, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე და სხვა ქმედებებზე, რომლებმაც საქართველოში არსებული სიტუაცია გამოიწვია",- თქვა სენატორმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებით რთულია საქართველოს მთავრობის მიდგომების გაგება, როდესაც ქვეყნის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
სენატორმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ და შესაძლო დამატებით ზომებზე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჰკითხა, რომელიც მთავარი მომხსენებელი იყო. თავის მხრივ, ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ დამატებითი სანქციები განიხილება, თუმცა მისივე თქმით, საქართველოში მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დაბრუნების გზა არსებობს, თუ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.