12 ევროპული ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. როგორც თავმჯდომარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
“მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს იგი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი.
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის სიმწიფეს და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით ხელმძღვანელობით. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დგას”, - აღნიშნულია განცხადებაში.
13 ევროპული ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები შეშფოთებას გამოთქვამენ “პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსზე, რომელიც მიზნად ისახავს დააზიანოს და დაასუსტოს საქართველოს ცოცხალი, პროევროპული სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ფართოდაა ცნობილი საქართველოს უდიდეს აქტივად, იმედად და სარგებლობს მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეს სტატუსით ბიუჯეტისა და დაფინანსების კუთხით”.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისი ავტორები ამ კანონს მიიჩნევენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ გადადგმულ მტრულ ნაბიჯად.
“იმის გათვალისწინებით, რომ ამ კანონის ხელახალი შემოღება ძირს უთხრის საქართველოს ბრძოლით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტად მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის.
ამ კანონს მივიჩნევთ მტრულ ნაბიჯად ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ, და ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ.
ვიხსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ იგი გადადგამს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს, რათა გააგრძელოს წინსვლა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად, და რომ საქართველომ ამ რეკომენდაციებიდან დღემდე მხოლოდ 3 შეასრულა;
ასევე შეგახსენებთ, რომ მეცხრე ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და პირველი ნაბიჯი მოუწოდებს საქართველოს, ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ”, - წერია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერებს შორის არიან ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები.