მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას EU-თან კარგი ურთიერთობა აქვს - EU NEIGHBOURS EAST-ის გამოკითხვა

კვლევა
BM. GE
17.09.23 12:19
18

2023 წლის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (84%) თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. აღნიშნულის შესახებ გამოკითხვის შედეგებს EU NEIGHBOURS EAST აქვეყნებს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით ცხრა პუნქტით არის გაზრდილი, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა.

მათი ცნობით, აღნიშნული გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. ცნობისთვის, EU NEIGHBOURS EAST პროგრამა საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევას 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ატარებს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, წელს ეს მაჩვენებელი 82%-ს უტოლდება, მაშინ როდესაც 2016 წელს 60% იყო.

„ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად. კერძოდ, მას ენდობა გამოკითხულთა 78% (ეს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ 12%-ით არის გაზრდილი).
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (54%) დადებითი წარმოდგენა აქვს ევროკავშირზე.

მაშინ, როცა გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ამასთან, 46% ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სფეროებში მეტ მხარდაჭერას მიესალმება“, - აღნიშნავენ გამოკითხვის ავტორები.

კვლევის მთავარი მიგნებები საქართველოში:
 
• ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%).
• საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას (84%).
• გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს.
• საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%).
• მედია საშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში.
• ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, სადაც უფრო მეტი მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება.

ცნობისთვის: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ეს უახლესი გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2016 წლიდან მოყოლებული უკვე მერვე წელია ტარდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კვლევის შედეგები ეროვნულ ანგარიშებშია წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები