მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართველი ბებიების მოქსოვილი ქუდები მთელს მსოფლიოში იყიდება“ - სოციალური საწარმო „ბებიას“

63e6183b0f71d
სალომე ხიდურელი
11.02.23 00:15
874
„ქართველი ბებიების ხელით მოქსოვილი ზამთრის ეკოლოგიურად სუფთა აქსესუარები ამერიკის საწყობიდან უკვე მთელს მსოფლიოში იყიდება,“ - ამის შესახებ BM.GE-ს სოციალური საწარმო "ბებიას" დამფუძნებელმა გიორგი ნოზაძემ განუცხადა.

მისივე ცნობით, ამჟამად კომპანია 15-მდე ფერის, სხვადასხვა დიზაინის აქსესუარს აწარმოებს.

„უკვე მეორე წელია ონლაინ-მაღაზია ხელნაკეთი ნივთების ყველაზე დიდ პლატფორმა Etsy-ზე გვაქვს. მომავალი წლისთვის ვგეგმავთ კიდევ უფრო გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა და ამერიკის სხვა საიტებზეც განვათავსოთ პროდუქცია. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, საკმაოდ გამართული მიწოდების არხები გვაქვს და, შესაბამისად, ჩვენი ნახელავების შეძენა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება. რესურსების სიმწირიდან გამომდინარე, სარეალიზაციო სივრცე არ გვაქვს. თუმცა, ამ მხრივ საკმაოდ დაგვეხმარა სოციალურ საწარმოთა მაღაზია „ესკი“, სადაც ჩვენი თითქმის ყველა მოდელი გვაქვს გასაყიდად წარმოდგენილი“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

რაც შეეხება პროდუქციის საფასურს, გიორგი ნოზაძის ცნობით, ფასები 39-დან 59 ლარამდე მერყეობს და ღირებულების მთავარი ნაწილი ბებიების ანაზღაურებაა. წლიური ბრუნვა საშუალოდ 20 000 ლარია, რაც სეზონის განმავლობაში 500 ერთეულის გაყიდვას ნიშნავს.

დამფუძნებელი გამოწვევების შესახებაც გვიყვება და ამბობს, რომ აქსესუარების ბრენდისთვის მთავარი სირთულე რესურსების სიმწირეა.

„საწარმო თავიდან ბოლომდე დამფუძნებლის შენატანებით ფუნქციონირებს, რეინვესტირებული თანხა კი კომპანიის პროდუქციის წარმოებისა და დიზაინის, მარკეტინგისა და გაყიდვების სისტემების დახვეწას ხმარდება", - განმარტავს გიორგი ნოზაძე.

ცნობისთვის, „ბებია’ს“ საწარმო წელიწადში 600 ერთეულ აქსესუარს აწარმოებს. კომპანიაში დასაქმებული 20-მდე ბებიიდან უმრავლესობა კათარზისიდანაა.

შეგახსენებთ, რომ სოციალური საწარმო ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები