მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართველი დამკვეთების რაოდენობა სულ უფრო იმატებს" - რა ღირს შვეულმფრენის მომსახურება?

შვეულმფრენი

„შვეულმფრენის მომსახურებაზე სულ უფრო იმატებს ქართველი დამკვეთების რაოდენობა“,- ამის შესახებ ქართული ავიაკომპანია TCA Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლიკა ქორთოშიძემ BM.GE-სთან სეზონის შეფასებისას განაცხადა.

ქართული ავიაკომპანია TCA Airlines-ი, ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს საქართველოს მიმართულებით, დამკვეთის სურვილის შესაბამისად შვეულმფრენით მომსახურებას სთავაზობს. ამასთან, ფრენებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნეს-ჯეტით ახორციელებს. კომპანიას როგორც თბილისში, ასევე თელავის აეროპორტში აქვს ბაზირება და ის ნებისმიერი ტიპის მსურველთან თანამშრომლობს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ავიაკომპანიას 4 საჰაერო ხომალდი ჰყავს, საიდანაც 2 იტალიური და 2 ფრანგულია. მასში 5 ადამიანი ეტევა.

ქორთოშიძის ცნობით, სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება და საჰაერო ფრენებით უცხოელი და ქართველი დამკვეთების წილი, ფაქტობრივად თანაბარია.

„ჩვენ ბაზირება გვაქვს როგორც თბილისის, ასევე თელავის აეროპორტებში. ამ ეტაპზე, გვყავს 4 საჰაერო ხომალდი, საიდანაც 2 არის იტალიური AGUSTA AW109 2k ტიპის შვეულმფრენი, ორ ძრავიანი, რომელიც ზუსტად საქართველოს რელიეფის ტიპის ფრენებისთვისაა შესაბამისი და 2 ფრანგული Airbus h125, რომელთაგან ერთი 2023 წელს მივიღეთ.

იტალიური AGUSTA AW109 2k გარდა ფრენით მომსახურებისა, გამოიყენება სამედიცინო-საევაკუაციო გადაყვანებისთვის. ვინაიდან, მხოლოდ ამ შვეულმფრენს, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვყავს საქართველოში, აქვს შესაძლებლობა, რომ შიგნით საკაცე ჩაიდგას. ეს არის სამედიცინო დანიშნულების, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო სამედიცინო-საევაკუაციო ფრენისთვის, რაც შესაძლებელია პაციენტს დასჭირდეს. ასევე, გამოიყენება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებისთვის, სათავგადასავლო ტურისთვის და ექსტრემალური ტურიზმისთვის ზამთარში.

ადრე სტატისტიკურად, 70% უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ხოლო 30% ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა ახლა, თითქმის გათანაბრებულია პროცენტული გადანაწილება.

ძირითადად ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოთხოვნაა თუშეთის მიმართულებით, სვანეთისა და აჭარის მიმართულებით. ეს არის დამკვეთის მიერ დაკვეთილი ჩარტერული ფრენა“, - აცხადებს ქორთოშიძე.

BM.GE საჰაერო ფრენის ფასებითაც დაინტერესდა და მოიკითხა, იცვლება თუ არა ფასები ყოველწლიურად. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფრენის ღირებულება დამოკიდებულია დამკვეთის მოთხოვნაზე, საფრენ მიმართულებასა და საწვავის ღირებულებაზე.

"მაგალითისთვის, თელავის აეროპორტიდან, თუშეთის მიმართულებით, 5 მგზავრის გადაყვანა, ლოდინის პერიოდი და უკან დაბრუნება, დაახლოებით 1750 დოლარია ეკვივალენტი ლარში. თუმცა, ასევე ძალიან დიდი მოთხოვნაა შემოფრენით ტურზე, კერძოდ კახეთის რეგიონში. ამ ტურის ღირებულება კი, 500-800 დოლარის ეკვივალენტია ლარში",- აღნიშნავს ლიკა ქორთოშიძე.

რაც შეეხება დატვირთვას, მისი განმარტებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე აქტიურად არიან დატვირთული და მათზე მოთხოვნა მზარდია. საქართველოში სათავგადასავლო ტურების მიმართულებით თუშეთი და სვანეთი არის ძალიან მოთხოვნადი, რაზედაც წინასწარი ჯავშნებიც არის. სათავგადასავლო ტურების მიმართულებით, ზაფხულისა და ზამთრის სანავიგაციო სეზონის ჯავშნები ჰელისკის მიმართულებით უკვე მიმდინარეობს. გარდა ამისა, კომპანია მსურველს სანავიგაციო სეზონზე, ტანდემში პარაშუტით ხტომასაც სთავაზობს.

ქორთოშიძე აღნიშნავს, რომ მათი საჰაერო ფლოტი ადგილობრივ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს, მაგრამ თუ მოთხოვნა გაიზარდა, კომპანია დამატებითი საჰაერო ხომალდის შემოყვანასაც არ გამორიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები